ბაკურციხეში წარმოებული კვერცხები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იყიდება
გოგონამ რამდენიმე თვის წინ გახსნა ფერმა, სადაც მცირე რაოდენობის ფრინველი ჰყავდა. ნინო ამბობს, რომ აღნიშნულ პროდუქტზე მოთხოვნის გამო არ შექმნია პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა, რომელმაც წარმოების გაფართოვების შესაძლებლობა მისცა. ფერმერმა ერთი თვის წინ ახალი სადედე გუნდი შეიძინა, წარმოება გაზარდა და ახლა მისი პროდუქცია კახეთის რეგიონის გრადა, თბილისსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე მაღაზიებში იყიდება. ახალგაზრდა ფერმერს ამ ეტაპზე 900 ფრთა მწყერი ჰყავს.
,,თავიდან მწყრის ხორცს რეგიონის მაღაზიებსა და რესტორნებში ვყიდდი. ის დიეტური პროდუქტია და გემოთიც გამოირჩევა, მსურველიც ბევრია და მოთხოვნაც დიდია. მწყრის კვერცხი კი შედარებით ნაკლებად იყიდება, რადგანაც მოსახლეობაში ინფორმაცია ამ საოცარი პროდუქტის შესახებ ნაკლებია. ადრე მცირე რაოდენობის მწყერი მყავდა, შევძელი და ვიყიდე ახალი სადედე გუნდი და თბილისშიც დავიწყე რეალიზაცია. ონლაინ მაღაზიაა soflidan.ge, რომელსაც მუდმივად ვამარაგებ და არიან ადამიანები, რომლებიც პერიოდულად მიკავშირდებიან და ჩემგან კვერცხს ყიდულობენ. როდესაც გაიგეს რომ ამ სახის პროდუქციას ვაწარმოებდი, ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც დამიკავშირდნენ და გასაყიდად იქაც გავაგზავნე’’,- განუცხადა knews.ge-ს ნინო წინწალაშვილმა.
ახალგაზრდა მეწარმე აცხადებს, რომ მწყრის კვერცხის შემადგენლობაში რამდენიმე სახის ვიტამინი შედის და მას სამკურნალოდ დიაბიტით და სხვა დაავადებებით ინფიცირებული ადამიანები იყენებენ.
„მწყრის კვერცხი ქიმიური შედგენილობით ქათმის კვერცხებისგან მაინცდამაინც არ განსხვავდება, მაგრამ გაცილებით მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, უფრო კალორიული და სასარგებლოა და რაც მთავარია სამკურნალოა. 100 გრამი მწყრის კვერცხი დაახლოებით 170 კკალ-ს შეიცავს. ცხიმი მასში უფრო მეტია, ვიდრე ცილა, ხოლო ამ ცხიმის ნაწილი უჯერი ცხიმოვანი მჟავაა. ქიმიური შემადგენლობის კუთხით აღსანიშნავია A და B ჯგუფის ვიტამინები, განსაკუთრებით — ქოლინი, ასევე — რკინა, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, გოგირდი, ფოსფორი, ქლორი, კობალტი, მანგანუმი, სპილენძი, მოლიბდენი და ქრომი. მწყრის კვერცხის ცილა მდიდარია შეუცვლელი ამინმჟავებით. A ვიტამინი მასში 2,5- ჯერ მეტია, ვიდრე ქათმის კვერცხში. გაცილებით მეტია აგრეთვე ფოსფორი, კალიუმი, რკინა, კობალტი და სპილენძი”,- აღნიშნავს წინწალაშვილი.
ფერმერმა მწყრების ფერმა სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში” ფარგლებში გახსნა. ნინო წინწალაშვილს აღნიშნული ბიზნესის დაწყების იდეა რამდენიმე წლის წინ მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ფრინველის კვერცხის უნიკალური თვისებების შესახებ ინფორმაცია შემთხვევით ინტერნეტში ნახა. ფერმა სპეციალური გალიებით, ინკუბატორით, წყლის ნიპელებით და სხვა საჭირო ტექნიკით არის აღჭურვილი.
,,მწყრის ბიზნესის წარმოებაში პროგრამა “აწარმოე საქართველოში” დამეხმარა. მათ დამაფინანსეს 5 000 ლარით. დაფინანსებამდე რამდენიმე თვით ადრე მე უკვე მყავდა რამდენიმე ათეული მწყერი. მას შემდეგ რაც დავრწმუნდი, რომ ინტერნეტში წაკითხული “ჯადოსნური” თვისებები მწყრის კვერცხის შესახებ მითი არ იყო, გადავწყვიტე ამის შესახებ ყველასთვის გამეგებინებინა“, – ამბობს ნინო წინწალაშვილი.