სტატიები

„საძოვრები არ გვაქვს და საქონელს სხვა სოფელში ვაძოვებთ“

ფერმერები ამბობენ, რომ საძოვრების სიმცირის გამო საქონელი მიჰყავთ მეზობელ სოფელში, რაც არც თუ იშვიატად ადგილობრივებს შორის დაპირისპირებას იწვევს. სოფელ ქვემო ალვანში მცხოვრებმა გოგი ელანიძემ აღნიშნული პრობლემის გამო ჯეჯილის წარმოება დაიწყო. 
,,ჯეჯილი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია და რაც მთავარია, საძოვრის ალტერნატივა. ჯეჯილი არის ვიტამინებით სავსე, რომელსაც თხებისა და მსხვილფეხა რქოსანის ნამატის გამოსაკვებად ვიყენებ. საძოვრების სიმწირის გამო საკვების წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვა დავიწყე”, – განუცხადა knews.ge-ს სოფელ ქვემო ალვანში მცხოვრებმა გოგი ელანიძემ.
ფერმერები, ასეევ, საძოვრების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებასაც აპროტესტებენ. წნორში მცხოვრები ლენა კოქტევაია ირწმუნება, რომ მიწების გასხვისების შემდეგ მფლობელებმა ფერმერებს საძოვრის გამოყენების ნება დართეს, თუმცა შემდეგ საქონელი გასხვისებულ ტერიტორიაზე აღარ შეუშვეს. 
,,სადავო გაგვიხდა სოფლის საძოვარი, რომელიც 1992 წლიდან მოსახლეობას ბრძანებით გადაეცა და კანონიერი უფლებებით ვამუშავებდით იქამდე, სანამ დაიწყო საიჯარო ხელშეკრულებები. იმ დროიდან დაიწყო ჩვენი საძოვრების ყოფნა-არყოფნის საკითხიც. ბევრი ოჯახი მეცხოველეობას მისდევს, ზოგიერთი ოჯახისათვის კი ერთადერთი შემოსავლის წყაროა,”- ამბობს knews.ge-სთან საუბრისას კოქტევაია.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს ეთნიკურად დასახლებულ თემშიც გასხვისებული საძოვრების დაბრუნებას ითხოვენ. სოფელ დუზაგრამაში მცხოვრები ფერმერების მტკიცებით, იმის გამო, რომ მათ საკუთრებაში არსებული საძოვრები ირანელებზე წლების წინ გაიყიდა, სოფელში პრობლემები მომრავლდა, რადგან სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი მესაქონლეობით ირჩენს თავს.
,,ჩვენ მომთაბარე ხალხი ვართ, სახლშიც ვართ და საძოვარზეც. საძოვრები არ გვაქვს და საქონელს სხვა სოფელში ვაძოვებთ, რაც დიდ ხარჯებს უკავშირდება. რამდენი რამ გვაკლია სოფელში, მოდიან წინასაარჩევნო და გვპირდებიან, რომ ყველა პრობლემა მოგვარდება, მაგრამ როგორც კი ჩვენს ხმებს მიითვლიან, თვალით ვერ ნახავთ აქ დეპუტატს. ხმა როგორ უნდა მივცე, პროგრამას არ ვიცნობ და პარტიის წევრებს. ბევრი პრობლემაა, მაგრამ მივიწყებული ხალხი ვართ, არავის ვახსოვართ არჩევნების ჩავლის შემდეგ. ეხლაც მოდის არჩევნები და სავარაუდოდ, ისევ მხოლოდ დაპირებები იქნება”, – განუცხადა knews.ge-ს ალმით იაგუბოვმა.
მეცხოველეობის განვითარებისთვის ახალი სახელმწიფო პროგრამა დაიწყო. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გიორგი ხანიშვილის ინფორმაციით, პროგრამის მიზანია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენება. 
,,მუნიციპალიტეტების მხრიდან კომპეტენტური პირების ჩართულობა აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ეს კარგი წამოწყება რეალური შედეგის მომტან საქმედ ვაქციოთ. ზუსტად უნდა განვსაზღვროთ, სად რა შესაძლებლობები გვაქვს, გავითვალისწინოთ ყველა დეტალი და მაქსიმალურად მოკლე დროში შევუწყოთ ხელი ისეთი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნას, რომლებიც ახალ სახელმწიფო პროექტში ჩაერთვებიან. ამ ეტაპზე, პროექტში პროგრამის გეოგრაფიული არეალი მოიცავს კახეთის რეგიონში ახმეტის მუნიციპალიტეტს მოიცავს”, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მაღალმთიან რეგიონებში პროგრამის განხორცელების შედეგად სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება. 
,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც პროგრამაში ჩაერთვებიან, იჯარით გადაეცემათ სათიბ-საძოვრები და შესაბამისი აღჭურვილობა – ტრაქტორები, სათიბები, მოთიბული მასის ამკრებ-დამწნეხები და სხვა საჭირო ინვენტარი”, – აღნიშნავ მინისტრის მოადგილე.