ახალი ამბები

გურჯაანის სოფლებში სეტყვამ ვენახები და ხეხილის ბაღები დააზიანა

ადგილობრივების ინფორმაციით, სტიქიამ, რომელიც რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, დიდი ზარალი მიაყენა. 
,,15 წუთის განმავლობაში იყო წვიმა, ქარი და სეტყვა. ხეებს ფოთლებიც აღარ აქვს, ნაყოფიც სულ გაანადგურა. რამდენჯერმე მოვიდა ასეთი ძლიერი სეტყვა. აღარც ხეხილი გვექნება წელს და აღარც ყურძენი”,–განუცხადეს Knews.ge-ს სოფელ კარდენახის მცხოვრებლებმა. 
კახეთის გუბერნატოს ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს მუდმივმოქმედი კომისია უკვე სწავლობს. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრში კი აცხადებენ, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 10-11 ივნისს კახეთის რეგიონში უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის სეტყვასაშიში ღრუბლის მასებზე მოახდინა აქტიური ზემოქმედება. “დელტას” ცნობით, 4128 კვ.კმ. საერთო ფართობის ღრუბლის მასების გასანეიტრალებლად 500 ერთეულამდე რაკეტა გაისროლეს.
“ამ რაოდენობის რაკეტები ერთ ჯერზე სისტემის არსებობის განმავლობაში პირველად გაიხარჯა. ჰაერში საფრენი აპარატების არსებობის გამო დამუშავება მუდმივი შეზღუდვების პირობებში ხორციელდებოდა. რეგიონში ფრონტალური ტიპის ღრუბლის მასების შემოსვლა სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან 10 ივნისის დღის პირველი ნახევრიდან დაიწყო, ღრუბლებმა პირველ ეტაპზე საგარეჯოს, გურჯაანის, თელავის და ყვარლის რაიონები მოიცვა. ღამის საათებში კი ატმოსფერული პროცესები კახეთის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა, რასაც დაემატა ადგილობრივი შიდამასიური ღრუბლების წარმოქმნაც.
რეგიონში შემოსულმა ღრუბელმა თან შემოიტანა ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლები, რომელთა მოსალოდნელი ზომა მიწაზე ჩამოცლისას 30 დან 48 მმ-მდე მერყეობდა, სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80-100 % შეადგინა. 10 ივნისის 15:26 საათიდან 11 ივნისის 04:35 საათამდე სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ 500-მდე რაკეტა გაისროლა, დამუშავების პროცეში ჩართული იყო თითქმის ყველა სარაკეტო დანადგარი.
აქტიური ზემოქმედების შედეგად კახეთის რეგიონის თავზე განვითარებული უმძლავრესი ატმოსფერული პროცესების მაქსიმალურად განეიტრალება მოხერხდა, ნალექის დიდი ნაწილი რვავე რაიონში წვიმის სახით ჩამოიცალა. კახეთის რეგიონში სეტყვასაწინააღმდეგო სისტემით დაცული 600 ათასი ჰექტრიდან სეტყვის მოსვლა დიდ ფართობებზე გაშლილ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში მაქსიმალურად იქნა თავიდან არიდებული და ძირითადად საგარეჯო-გურჯანიის რაიონებში სროლისთვის აკრძალული ზონების თავზე, დასახლებულ პუნქტებში ჩამოიცალა”, – განაცხადეს “დელტაში”.