ვიდეორეპორტაჟი

ცხოვრება ეტლს მიღმა

ოჯახს ყოველდღიურად ქალაქში გადასაადგილებელი ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს.
,,იმის გამო, რომ ეტლით მოსარგებლე ვარ, ვერ დავდივარ ხშირად სკოლაში და სხვადასხვა ღონისძიებაზე. არ არის კარგად მოწყობილი გზები, შენობაში არ არის პანდუსები. დიდი სურვილი მაქვს ხატვაზე და მუსიკაზე ვიარო, მაგრამ ამ პრობლემების გამო ვერ ვახერხებ,‘’- განუცხადა Knews.ge-ს ნინო მაისურაძემ.
გოგონას დედამ ნინო მაისურაძემ შშმ პირების საჭიროებების ადგილობრივ თვითმმართველობამდე მისატანად ჩამოაყალიბა მშობლების კავშირი ,,ლამპარი“, რომელიც 50–ზე მეტ მშობელს აერთიანებს.
,,ერთი პანდუსი ან ერთი ლიფტი არ ნიშნავს იმას, რომ ეს შენობა შშმ პირებისთის სრულად არის ადაპტირებული. საკმაოდ ძვირი გვიჯდება ჩვენი შვილების სადმე წაყვანა. იმის გამო, რომ არსებული პრობლემები დღითიდღე მწვავდებოდა, გადავწყვიტე 2008 წელს სხვა აქტიურ მშობლებთან ერთად შემექმნა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ლამპარი”, რომლის მიზანია მშობლების გაძლიერება, ადვოკატირება, შვილების უფლებების დაცვა და სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობა. ორგანიზაციის დაარსებიდან დღემდე ენთუზიაზმით მშობლები ერთმანეთს ვუდგავართ გვერდში და ვაძლიერებთ ერთმანეთს. მერიაში გვქონდა შეხვედრები და ბიუჯეტის დაგეგმვის დროს დავაყენეთ ინიციატივები. ერთ–ერთის მიხედვით შეიქმნა მრჩეველთა საბჭო, სადაც არცერთი შშმ პირი არ არის. საბჭოს წევრებს აქვთ სურვილი, რომ რაღაც შეცვალონ, მაგრამ არასწორად აკეთებენ ყველაფერს რადგან მათ ზუსტად არ იციან, რა პრობლემის წინაშე დგანან შშმ პირები და მათი მშობლები”,- განაცხადა ნინო მაისურაძემ.
ქალაქ თელავში ამ დროისთვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 484 პირია რეგისტრირებული. მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მოქმედებს მიმდინარე 7 სოციალური პროგრამა, რომლითაც ყველა შშმ პირს შეუძლია ისარგებლოს.
,,ჩვენ ვეხმარებით შშმ პირებს ელექტროენერგიის თანადაფინანსების პროგრამით, ასევე მათ შეუძლიათ მოგვმართონ სხვა პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად. გარდა ამისა, თელავის მერია სხვა მნიშვნელოვან პროექტებს ანხორციელებს, თანამშრომლობის რეჟიმში ვართ ამ ეტაპზეც პოლონეთის ქალაქ ლუბლინთან, რომელთა თანამშრომლობის შედეგადაც ამოქმედდა შშმ პირების მხარდასაჭერი პროგრამა, რომელიც სამედიცინო დახმარებას, მომსახურების გაუმჯობესებას, ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და სხვა აქტივობებს ითვალისწინებს. მერის ინიციატივით სამშენებლო–სანებართვო მოთხოვნებში ინვესტორებს ჩაედოთ მოთხოვნა, რომ მშენებლობის პერიოდში გათვალისწინებული იყოს სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ეტაპობრივად ადაპტირება”,- განუცხადა knews.ge-ს მერიის პრესსპიკერმა მურად ფანცქალაშვილმა.
მესამე სექტორში ამბობენ, რომ ფინანსური რესურსის ნაკლებობის გამო შშმ პირებს სათანადოდ ვერ ეხმარებიან. გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, საქართველოში 6–დან 18 წლამდე სპეციალური საჭიროების მქონე 10 000–მდე ბავშვია რეგისტრირებული.
,,ძალიან მწირია მომსახურებები რეგიონებში და ჩვენი გათვლებით 40 000 მდე სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვია, რომლებიც საერთოდ არ არიან რეგისტრირებულები და სისტემა მათ ვერ ხედავს. გარდა ამისა, სახელმწიფო სტრუქტურები უნდა მუშაობდეს აქტიურად ამ კუთხით და საზოგადოებაც, რომ დაძლიოს ის ნეგატიური განწყობები, რომელიც ამ ადამიანების მიმართ არსებობს. საზოგადოებაში ამ ადამიანებს არ აქვთ შეაძლებლობები, რომ რეალიზდნენ, გამოავლინონ თავიაანთი უნარები და შეძლონ სრულფასოვანი ცხოვრება”,- განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელმა მაია ქურციკიძემ.
,,საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია“ უკვე 17 წელია, რაც არსებობს და ვსაქმიანობთ სხვადასხვა მიმართულებით, ვართ სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელი ორგანიზაცია. ვახორციელებთ ორ- ბავშვთა ადრეული განვითარების და დღის ცენტრის პროგრამას. გარდა ამისა, ვახორციელებთ საერთაშორისო ფონდების დაფინანსებით შინ მოვლის პროგრამას. აუცილებელია რაღაც მიმართულებები დაფინანსდეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან იმიტომ, რომ ამის საჭიროება ნამდვილად არსებობა, რადგან სახელმწიფო პროგრამა საჭიროებას ვერ ფარავს. ამ ეტაპზე 70-ზე მეტ ბავშვთან ვმუშაობთ არა მხოლოდ თელავში, არამედ ყვარელში, გურჯაანსა და ახმეტაში”, -განუცხადა Knews.ge-ს ინკლუზიური განათლების სპეციალისტმა, ,,საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარემ ნინო პაატაშვილმა.
სპეციალისტები ხელისუფლებას შშმ პირებისთვის პროგრამების გაზრდას და ადაპტირებული ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწყობას ურჩევენ და ამავე დროს ყურადღებას ამახვილებენ ამ მიმართულებით საზოგადოების ინფორმირების ამაღლებაზე.

იხილეთ ამავე თემაზე  ,,კახეთის ხმის” მიერ მომზადებული მულტიმედიური მასალის ლინკი:

https://storybuilder.jumpstart.ge/ka/tskhovreba-etls-mighma