სტატიები

აგროქიმიკატების წარმოების მიმართულებით კანონმდებლობა მკაცრდება

,,ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის მიხედვით მკაცრდება სანქციები პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების წესის დარღვევისათვის. ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) გაფორმების შემდეგ, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლის მექანიზმების დახვეწასა და განხორციელებას, რაც დარგის განვითარებისთვის და ზოგადად, აგრობიზნესის წარმოებისთვის მნიშვნელოვანია”, – აცხადებს ლევან დავითაშვილი.

მისივე მტკიცებით, პესტიციდების და აგროქიმიკატების შესახებ საქართველოს საკანონმდებლო ბაზა მაქსიმალურად დაუახლოვდა ევროკავშირის კანონმდებლობას. 
,,საკანონმდებლო ცვლილების მიზანია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების, ცხოველთა ჯანმრთელობის და მცენარეთა სიჯანსაღის დაცვის, ასევე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების სრულყოფა და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება. ასევე, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმებიდან გამომდინარე ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიახლოება”, – განმარტავს დავითაშვილი.

ინიციატივას დადებიათად აფასებენ ფერმერები და მევენახეები. ისინი ამბობენ, რომ ვენახის შესაწამლი უხარისხო აგროქიმიკატების გამო გასულ წელს მოსავლის 80% განადგურდა. 
,,ჩვენი ერთ–ერთი დიდი პრობლემა არის ის, რომ შემოდის უხარისხო შხამქიმიკატები. ჩვენ ვერ შევძლებთ, რომ შევამოწმებინოთ ქიმიკატი და ისე ვიყიდოთ, რადგან ადგილზე ლაბორატორიები არ არის. გასულ წელს 12–ჯერ შევწამლე ვენახი, მაგრამ მეც და ბევრ სხვა მევენახესაც მოსავლის 80% გაგვიფუჭდა. ამბობენ, რომ ვაკონტროლებთ პესტიციდების ხარისხსო, მაგრამ ამდენ ადამიანს როგორ უფუჭდება და არ მოდის მოსავალი?’’, – განუცხადა knews.ge–ს ოთარ რუაძემ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ზურაბ ლიპარტია აღნიშნავს, რომ 2012 წლიდან კახეთის 92 მაღაზიაში, სადაც აგროქიმაკატები იყიდება, მისი ხარისხის და სპეციალიზებული მაღაზიების კონტროლი მიმდინარეობს.
,,შარშან მოსავლის განადგურების ფაქტი შეიძლება დავაბრალოთ შხამ–ქიმიკატების უხარისხობას, მაგრამ, ასევე, პრობლემა შექმნა იმანაც, რომ ფერმერებმა და გლეხებმა ვერ მოახერხეს აგროვადებში მოსავლის შეწამვლა წვიმების გამო. ვიღებთ საეჭვო წარმომავლობის პესტიციდების ნიმუშებს და მათ ლაბორატორიულად ვამოწმებთ. მწარმოებელი ფირმა გარანტიას იძლევა მხოლოდ იმ პესტიციდზე, რომლებიც არის ორიგინალ შეფუთვაში. თუ შეფუთვა დარღვეულია, იქ შეიძლება დაფიქსირდეს წამლის ფალსიფიცირება”, – განმარტავს knews.ge–სთან საუბრისას ლიპარტია.

მევენახეებს პესტიციდების ხარისხის გარდა, პროდუქციაზე მომატებული ფასიც აწუხებთ. ისინი ამბობენ, რომ მიწისა და საკარმიდამო ნაკვეთების დამუშავებისთვის თითქმის გაორმაგებული თანხაა საჭირო. 
,,ბანკის ვალით ვყიდულობთ სასუქებს, ზოგს განვადებით გამოაქვს. პესტიციდები უხარისხოა და ძვირი, ბანკის ვალი გადაუხდელი გვრჩება და შემდეგ ოჯახები იძულებულები არიან, ლუკმა–პურის საშოვნელად საზღვარგარეთ წავიდნენ”, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები რამაზ ზარდიაშვილი.