გურჯაანში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან
ადგილობრივების თქმით, სტიქიამ რომელიც 10 წუთს გრძელდებოდა ხეხილის ბაღები და ერთწლიანი კულტურები გაანადგურა.
,,უკვე მერამდენედ დავისეტყვეთ, აღარაფერი დაგვრჩა. ჯერ ვენახი გაგვიფუჭდა, ახლა კიდევ ხილი აღარ გვექნება. რისთვის დააყენეს სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები თუ არ იმუშავებდა ნორმალურად. ძალიან ცუდ დღეში ვართ, ზარალს ვინ აგვინაზღაურებს? ”,– განუცხადეს knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებლებმა.
როგორც კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს დღეს დილიდან სოფლებში გასულია სპეციალური ჯგუფი, რომელიც არსებულ სიტუაციას ადგილზე შეისწავლის.
,,სსტც ,,დელტას” მიერ გუშინ მოხდა ღრუბლების დამუშავება, თუმცა საშუალო სიმძლავრის სეტყვა მაინც მოვიდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში. რომ არა ,,დელტას” მუშაობა, რეგიონი მოსავლის გარეშე დარჩებოდა. სპეციალური ჯგუფი უკვე იმყოფება ადგილზე და დაადგენს რა ზიანი მიაყენა სეტყვამ მოსახლეობას”,– განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.