ახალი ამბები

თელავში საერთაშორისო ბრენდის Golden Tulip-ის სასტუმრო შენდება

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია შენობის გარე ფასადის სარემონტო სამუშაოები და დაწყებულია შიდა დიზაინის პროექტირება. სასტუმროს ასაშენებლად 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
სასტუმროს მფლობელი სს ,,კახეთია”. კომპანიის წარმომადგენელის ზურაბ მეფარიძეს თქმით, სასტუმრო 4-ვარსკვლავიანი იქნება, სადაც 101-ნომერი განთავსდება.
”ფასებს საშუალო სეგმენტზე გავთვლით. ჩავატარეთ მარკეტინგული კვლევა, რომელმაც ცხადყო, რომ კახეთის რეგიონში მოთხოვნა არის ბრენდულ და დიდ სასტუმროზე, სადაც შესაძლებელი იქნება, დიდი ჯგუფების მიღება. სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლა 2017 წლის ბოლომდე იგეგმება. თელავის Golden Tulip-ში 150 ადამიანი დასაქმდება, რომელთა დიდი ნაწილი ადგილობრივი იქნება”, – აღნიშნა მეფარიძემ.
კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წელს რეგიონში რამდენიმე სასტუმროს აშენება იგეგმება. მისი განცხადებით, კახეთი საქართველოს ტურისტულ რუკაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი გახდება.
,,რეგიონში ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნა და სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. ეს ემსახურება კახეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებას. ტურიზმის კუთხით აქტიურად განიხილება რამდენიმე მიმართულება, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ის დიდი პოტენციალი, რომელიც კახეთს გაჩნია, განვითარდეს. კონკრეტულად თელავში იგეგმება ორი ძველი და ისტორიული სასტუმროს კაპიტალური რეაბილიტაცია. ამ სასტუმროების – ე.წ. ,,ინტურისტისა“ და ,,კახეთის“ სრული რეაბილიტაცია იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ტურიზმის განვითარების მიმართულებით. რეგიონში ტურისტების რიცხვმა იმატა და სასტუმროში ადგილების დეფციტს განვიცდიდით. შესაბამისად, სასტუმროების მშენებლობა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და დახვეწა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი”, – განუცხადა knews.ge-ს ქადაგიშვილმა.