გურჯაანში სადღესასწაულო ცენტრი გაიხსნა
ცენტრის ერთ–ერთი მფლობელის, ქეთევან ოქროპირიძეს თქმით, საჭირო ინფრასტრუქტურის და აღჭურვილობის სადღესასწაულო ცენტრი ქალაქში მხოლოდ ერთია, სადაც ბავშვებს ერთად თავშეყრა და დაბადების დღის აღნიშვნა შეუძლიათ.
,,ზოდიაქო 27 წელია ფუნქციონირებს მაგრამ იქ მხოლოდ კაფე იყო, სადღესასწაულო ელემენტების დამატების და გაფართოვების იდეა კი რამდენიმე თვის წინ მომივიდა. ორი შვილის დედა ვარ და კარგად ვიცი რა მოსწონთ ბავშვებს. გურჯაანში გასართობი ცენტრების ნაკლებობაა და სწორედ ამის გამო გადავწყვიტე დამემუშავებინა იდეა და გამეკეთებინა სადღესასწაულო ცენტრი. დავწერე ბიზნეს გეგმა და 5 000 ლარიანი დაფინანსება მივიღე. აღნიშნული გრანტით და 1000 ლარამდე ჩემი თანამონაწილეობით ცენტრისთვის განათებები, ტელევიზორი, სხვადასხვა სახის ტექნიკა და ანიმაციური გმირების აღჭურვილობა ვიყიდე. მუდმივად ვცდილობთ განვვითარდეთ და მომხმარებელს სიახლეები შევთავაზოთ’’,– განაცხადა ქეთევან ოქროპირიძემ.
სადღესასწაულო ცენტრში ქეთევან ოქროპირიძეს ოჯახის წევრების გარდა კიდევ 5 ადგილობრივია დასაქმებული.