სტატიები

გრემის ჩურჩხელა ევროკავშირის ბაზარზე გავა

,,პროდუქტზე დაინტერესება არის გერმანიიდან და ლიტვიდან. ამ ეტაპზე დოკუმენტაციის მოწესრიგებაზე ვმუშაობთ. ვაწარმოებთ 4 სახეობის ჩურჩხელას”, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას გიორგი მაჩაბელი.

„გრემი“ აწარმოებს რქაწითელისგან, საფერავისგან და თეთრი ყურძნისგან დამზადებულ ჩურჩხელებს, პროდუქცია ბროწეულის წვენისგანაც მზადდება.

,,მაგალითად ირანში განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ბროწეულის წვენისგან და საფერავისგან დამზადებულმა ჩურჩხელამ. სწორედ ამიტომ კომპანია აქცენტს ამ მიმართულებით გააკეთებს. უახლოეს მომავალში ირანში პირველი დიდი პარტია გაიგზავნება, რადგან პროდუქტის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია”, – განმარტავს მაჩაბელი.

კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პირველი საცდელი პარტია, სხვადასხვა სახეობის 1 000 ცალი ჩურჩხელა ექსპორტზე ისპაჰანში გავიდა. 

,,ფერეიდნელმა მეწარმემ ჩურჩხელა თავისი ახლადგახსნილი ქართული რესტორნისთვის შეიძინა. პროდუქტის ტრანსპორტირებისათვის სპეციალური ხის ყუთები შევუკვეთეთ, რათა ჩურჩხელა გზაში არ გატყდეს. ასევე მომზადებისა და გაშრობის პროცედურებს ვიცავთ და პროდუქტს არ ვღებავთ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენი ჩურჩხელა რესტორნის მენიუშია შეტანილი. ქართულ პროდუქტს აქვს როგორც დადებითი ისე უარყოფითი თვისებები. ნეგატიური მხარე არის ის, რომ მსოფლიოში ნაკლებად იცნობენ და სწორი მარკეტინგული გათვლა და კარგი პიარი უნდა გაკეთდეს. დადებითი კი ის გახლავთ, რომ სიახლეა და ასეთი ახალი პროდუქტით სხვა ქვეყნების ბაზრები გადატვირთული არ არის”, – აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

,,გრემის” ბრენდის ქვეშ მზადდება მურაბები, ჯონჯოლი, სვანური მარილი, აჯიკა და თაფლი. სამომავლოდ კი კახეთში საკუთარი საწარმოს აშენება და პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა იგეგმება. მისივე ინფორმაციით, მოთხოვნა უცხოეთიდან სხვა პროდუქტებზეც საკმაოდ მაღალია.