სეტყვამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა
განსაკუთრებით, მძიმე მდომარეობაა სოფელ ჯუგაანში, ბოდბისხევსა და ტიბაანში, სადაც მოსახლეობის ინფორმაციით, სტიქია ნახევარ საათს გაგრძელდა.
ადგილობრივების განცხადებით, სეტყვამ ვენახების, ხეხილის ბაღების და ბოსტნეულის 80% გაანადგურა. სოფლების მაცხოვრებლები მომხდარში კომპანია ,,დელტას” ადანაშაულებენ და განმარტავენ, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ არ იმუშავა.
,,დაისეტყვა ვენახები და ხეხილის ბაღები, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. 4 ჰექტარი ვენახი და 3 ჰექტრამდე მარცვლეულის ყანა გაგვინადგურა, თითქმის აღარაფერი დარჩა. ძლიერმა სეტყვამ ავტომობილიც დააზიანა. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა რატომ არ აამოქმედეს, რომ ასეთი ძლიერი სტიქია თავიდან ყოფილიყო აცილებული”,– განუცხადა knews.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მკვიდრმა აკაკი ჯიყაშვილმა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ წინასწარი მონაცემებით 300–მდე ჰექტარი ვენახია დასეტყვილი. გამგებლის, დავით ჯანიკაშვილის თქმით, სპეციალური კომისია ზარალის დათვლას ხვალ დილიდან დაიწყებს.
„სეტყვამ ძირითადად ჯუგაანისა და ტიბაანის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა. დაახლოებით 300 ჰექტრამდე ვენახია დასეტყვილი, თუმცა 2 საათში ზარალის დადგენას ვერ შევძლებთ. კომისია მუშაობს და შესწავლის შემდეგ გვექნება ზუსტი მონაცემები“, – განაცხადა დავით ჯანიკაშვილმა.