ახალი ამბები

საქართველოში მთის ღორის გადარჩენის პროექტი დაიწყო

აღნიშნულ პროექტს საპარტნიორო ფონდი და კომპანია NATIVE GEORGIAN ერთობლივად განახორციელებენ, რომელიც საქართველოში „იბერიკოს“ ჯიშის ანალოგის, უნიკალური ქართული მთის ღორის მოშენების, ქართული „ჰამონის“ წარმოებისა და მსოფლიო ბაზარზე მისი კომერციალიზაციის ეტაპებს მოიცავს. პროექტში ჩართულია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.
„DerazaIberico S.L.-ი არის მსოფლიოში უმსხვილესი ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია. მათ გასული საუკუნის 20-იან წლებში გადაშენების პირას მყოფი ესპანური შავი ფერის ღორის ხორციდან ცნობილი „ჰამონის“ წარმოება დაიწყეს და მსოფლიოში ერთ-ერთი მოთხოვნადი და პოპულარული პროდუქტი შექმნეს. ესპანელი ბიზნესმენები საქართველოში უკვე რამდენჯერმე იყვნენ, მათ შემოიარეს მთელი ქვეყანა და ლაბორატორიულ დონეზე შეისწავლეს ადგილობრივი ღორის ჯიშები. სასიხარულოა, რომ საქართველოში აღმოჩნდა ისეთი ჯიში, რომელიც ესპანური ღორის „იბერიკოს“ ჯიშის გენოტიპთან იდენტურია და რომლისგანაც ყველაზე ხარისხიანი და ძვირადღირებული ჰამონის დამზადებაა შესაძლებელი. მეღორეობის ერთი ფერმა უკვე აშენდა რაჭაში, მსგავსი ფერმები აშენდება კიდევ 9 რეგიონში. პროექტი შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, გამოაცოცხლებს ეკონომიკურ ცხოვრებას და მოსახლეობის შემოსავლებს გაზრდის. აღნიშნული პროექტის წარმატებული განხორციელება მეღორეობის დარგის განვითარებას და საქართველოში ხორცპროდუქტების წარმოების ევროპულ დონეზე აყვანას შეუწყობს ხელს,“- განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.
„ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტი“ 5-დან 7 წლამდე პერიოდს მოიცავს და 5 ეტაპისგან შედგება. პროექტის ფარგლებში სამომავლოდ დაგეგმილია ასევე სპეციალურად შექმნილი ფერმებიდან მოსახლეობისთვის ბუნებრივ პირობებში გასაზრდელად 23 კგ -ზე ზემოთ ღორების გადაცემა. 100 კგ-დან 150 კგ-მდე წონის ღორებს კი კომპანია უკან, ფიქსირებული თანხის სანაცვლოდ ჩაიბარებს. 
,,პროექტის ფარგლებში ასევე საქართველოში დაგეგმილია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ევროპული სტანდარტის ხორცის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა და ქართული მთის ღორისგან დამზადებული ხორცპროდუქტების დამზადება’’,– განაცხადეს საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებმა.