კახელი ფერმერები ცხოველთა გადასარეკი ტრასების სიმცირეზე ჩივიან
წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვისთვის განკუთვნილი პუნქტები განთავსებულია სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიაზე, სადაც ფუნქციონირებს პირუტყვის სადეზინფექციო-გასაბანი აუზები, საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, საწყობი, ვეტერინარული პუნქტი და საკარანტინო ზონა.
კახეთის რეგიონში მცხოვრები ფერმერები ბიოუსაფრთხოების პუნქტის გახსნას დადებითად აფასებენ, თუმცა აცხადებენ, რომ მათი რაოდენობა ძალიან მცირეა და გადასარეკი ტრასების უქონლობის გამო არსებული პრობლემები დღითიდღე მწვავდება.
ახმეტელი ფერმერი, ვალერი ბედოშვილი ირწმუნება, რომ პირუტყვის გადასარეკი ტრასების სიმცირის გამო მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი გადაადგილება ცენტრალურ ტრასაზე, რაც ხშირად სავალალო შედეგით სრულდება.
,,ცენტრალურ ტრასაზე გამოგვყავს ხოლმე ცხვარი და ძროხა, რომ საბალახოდ წავიყვანოთ. ხშირად გადასვლა გვიწევს ისეთ ადგილებში, სადაც მანქანების მოძრაობა დიდია. რამდენჯერმე მანქანა ცხვრების ფარაში შევარდა და დამიხოცა. რაც შეიძლება ბევრი გადასარეკი ტრასა და ბიოუსაფრთხოების პუნქტი უნდა იყოს, რომ თავისუფლად შევძლოთ პირუტყვის გადაყვანა. გარდა ამისა, შარშან რაღაც დავადება შეხვდათ ცხვრებს და გარკვეული რაოდენობა დამეხოცა. კარგი იქნება ამ კუთხითაც თუ აქტიურად იმუშავებენ. კარგი იქნებოდა, აქვე ახლოს რომ იყოს ბიოუსაფრთხოების პუნქტი’’,– განუცხადა knews.ge-ს ვალერ ბედოშვილმა.
ფერმერები ამბობენ, რომ ბიოუსაფრთხოების პუნქტში პირუტყვის სპეციალური ხსნარით დამუშავება მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს შეუწყობს მათი დაავადების და სიკვდილიანობის რიცხვის შემცირებას. მათი თქმით, რეგიონებში მსგავსი ცენტრების გახსნა საქართველოდან უცხოურ ქვეყნებში პირუტყვის ექსპორტს გაზრდის.
,,კარგია,რომ ეს პუნქტები გაიხსნა, მაგრამ მისი რიცხვი მაინც ცოტაა. ყველა მუნიციპალიტეტში უნდა იყოს ბიოუსაფრთხოების მინიმუმ ერთი პუნქტი, რომ მცირე და დიდ ფერმერებს ნებისმიერ დროს შეეძლოს მისვლა და ცხოველის დამუშავება’’,– აცხადებენ კახელი ფერმერები.
სურსათის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღაველი ამბობს, რომ დედოფლისწყაროსა და სიღნაღში მდებარე ბიოუსაფრთხოების პუნქტებში ყოველდღიურად, საშუალოდ, 3000 სული პირუტყვის დამუშავებაა შესაძლებელი, რაც ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი სადეზინსექციო საშუალებებით ხორციელდება. ზურაბ ჩეკურაშვილის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ცხოველთა გადასარეკი ტრასის გახსნა ყვარელშიც იგეგმება.
,,თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ბიოუსაფრთხოების პუნქტები ხელს შეუწყობს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას, დაავადებების გავრცელების შემცირებას, რაც დადებითად აისახება მეცხოველეობის დარგის განვითარებასა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალზე. რაც ყველაზე მთავარია, ბიოუსაფრთხოების პუნქტები ცხოველთა მეპატრონეებს უსასყიდლოდ ემსახურება, ვეტერინარული ღონისძიებების ჩატარებას კი სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ზედამხედველობენ”, – განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.