თელავში ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდა
ამ დროისთვის გადაკეტილია ქალაქის ცენტრალური მოედანი და 26 მაისის ღონისძიებებისთვის მზადება მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გადაკეტილია და მძღოლებს შემოვლითი გზებით მოუწევთ გადაადგილება.
როგორც Knews.ge-ს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში განუცხადეს, 26 მაისს ქალაქ თელავში ღონისძიებები დილიდან დაიწყება და საღამოს კონცერტით დასრულდება.
“11:00 საათზე საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირების მემორიალს ყვავილებით შევამკობთ, გარდა ამისა, დილიდან ერეკლე მეორეს მოედანზე სხვადასხვა სახის ღონისძიება ჩატარდება. 12:00-დან 17:00–საათამდე გაგრძელდება სამხედრო ტექნიკის, წიგნის პავილიონის გამოფენა, მოეწყობა ტურიზმის პავილიონი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი და ბავშვთა მუსიკალური სტუდიები კი კონცერტს გამართავენ. ძველი ბაღში გაიმართება მხატვრებისა და ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა, ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოფენილი იქნება ბავშვთა ნახატები, ვახვახიშვილების კოშკში თელავის უნივერსიტეტის ისტორიკოს-პროფესორთან ცატარდება საგანმანათლებლო შეხვედრა. ნიკო სულხანიშვილის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში კი დაგეგმილია კლასიკური კონცერტი. ღონისძიებები დასრულდება კონცერტით, რომელიც თელვის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე 19:00 საათზე დაიწყება და 22:00 საათამდე გაგრძელდება’’, – განაცხადეს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყოველი წლის 26 მაისს აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შეძლო, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.