ღვინის ქარხანა „გრუზვინპრომი“ და ჩინური კომპანია ერთობლივ ორგანიზაციას დააფუძნებენ
როგორც Knews.ge–ს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, მემორანდუმი მხარეებს შორის გრძელვადიან თანამშრომლობას ითვალისწინებს და ბრენდისა და საბრენდე სპირტის წარმოების, მიწოდებისა და რეალიზაციას გულისხმობს. უწყების ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია ერთობლივი კომპანიის დაფუძნება, რომელიც ჩინეთში ქართული ბრენდის პოპულარიზაციას და ადგილობრივ ბაზარზე მიწოდება-რეალიზაციას შეუწყობს ხელს. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი.
„ჩინეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობა კიდევ უფრო ღრმავდება. სახელმწიფოს მხრიდან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გამარტივება, ბაზრების დივერსიფიკაცია და ამ ბაზრებზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია ის მხარდაჭერაა, რამაც ბიზნესის განვითარება უნდა უზრუნველყოს.
ძიანგსის პროვინციის მოსახლეობა 400 მლნ-ზე მეტია, შესაბამისად, ეს ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტის ზრდისა და პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია. დღეისათვის, ჩინეთის ბაზარზე ქართული წითელი ღვინო სულ უფრო პოპულარული ხდება და უკვე, 30-ზე მეტ სავაჭრო ობიქტში იყიდება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გახსნილია ღვინის კულტურის სახლები, რომლებიც ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აქტიურ კამპანიას ახორცილებენ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხანა „გრუზვინპრომი“ 1929 წელს დაარსდა. დღეისათვის საწარმო უახლესი აპარატურით და დანადგარებით არის აღჭურვილი.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანში არსებული ღვინის საწარმო „ბოლერო და კომპანია“ საწარმოო სიმძლავრეს ზრდის. ღვინის სახელმწიფო საწარმოს „გრუზვინპრომი” პრივატიზაციის შემდეგ, „ბოლერო და კომპანიამ“ 5 მლნ ლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა და წელს 8 მლნ ლარის სიმძლავრეების დამატებას გეგმავს.