სტატიები

წნორში ჩირის მწარმოებელი საწარმო გაიხსნება

როგორც knews.ge–ს კომპანიის ხელმძღვანელმა ვახტანგ ყაჯრიშვილმა განუცხადა, საწარმოს მშენებლობაში დაახლოებით 1 მილიონ ლარამდე დაიხარჯება და თავდაპირველად დაახლოებით 5 სახეობის ჩირის წარმოებას დაიწყებენ. მისივე ინფორმაციით, კომპანიის მიერ წარმოებული ჩირი ადგილობრივ
„პროექტი უკვე მზად არის და დაფინანსებას ველოდებით. ჩირის მწარმოებელი ქარხანა ევროკავსირის სტანდარტების მიხედვით იქნება აღჭურვილი. საწარმო წნორში იქნება. ქარხანა თავდაპირველად დაახლოებით 5 სახეობის, მათ შორის, ლეღვისა, ქლიავისა და ატმის ჩირებს დაამზადებს. ხილს ადგილობრივი ფერმერებისგან ჩავიბარებთ. ქარხნის მშენებლობაში დაახლოებით მილიონ ლარამდე ინვესტიცია ჩაიდება. ქარხანა პროგრამის „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში აშენდება. აუცილებლად შევიძენთ ახალ დანადგარებს, რის შემდეგაც ჩირის წარმოებას დავიწყებთ”, – განუცხადა knews.ge–ს ვახტანგ ყაჯრიშვილმა. 
ბიზნესმენი საწარმოს გახსნის ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს და აცხადებს, რომ წარმოება ზაფხულში ან შემოდგომაზე დაიწყება. მისივე ინფორმაციით, კომპანია „ბადაგი“ ნიგვზისა და თხილის ჩურჩხელის გარდა, ნუშის ჩურჩხელის წარმოებასაც დაიწყებს. 
„ზუსტავ ვერ გეტყვით, ქარხანა როდის გაიხსნება. საწარმო სავარაუდოდ შემოდგომაზე ამუშავდება. ვიმედოვნებ, რომ წარმოება დაახლოებით 5–ჯერ გაიზრდება. ამჯამად თხილისა და ნიგვზის ჩურჩხელას ვამზადებთ. იგეგმება ნუშის ჩურჩხელის წარმოებაც. რაც შეეხება კომპანიის სახელწოდებას. „ბადაგი” შევარჩიეთ იმიტომ, რომ კარგად ჟღერს და ამავე დროს პროდუქციას ძირითადად ბადაგით ვაწარმოებთ”, – აღნიშნა ყაჯრიშვილმა.
ფერმერები წნორში ჩირის მწარმოებელი ქარხნის გახსნას დადებითად აფასებენ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები შოთა მეკოკიშვილს ატმის ბაღებია აქვს, თუმცა მოსავლის რეალიზაციის პრობლემებზე საუბრობს. მათიაშვილი ამბობს, რომ თუ კომპანია “ბადაგი” ატმის ჩირის წარმოებას დაიწყებს, პროდუქციას ჩირის მწარმოებელ ქარხანაში ჩააბარებს. 
“ძალიან კარგია რომ წნორში ჩირის მწარმოებელი ქარხანა გაიხსნება. მაგალითად ჩვენ ატამს ვერ ვყიდით და მოსავლის დაახლოებით 40% ფუჭდება. თუ საწარმოა ატმის ჩირის წარმოებას დაიწყებს, ატამს იქ ჩავაბარებ”, – განუცახადა knews.ge–ს შოთა მეკოკიშვილმა. 
ნატურალური ჩურჩხელის მწარმოებელი კომპანია „ბადაგი” 5 წლის წინ დაარსდა. კომპანია პროდუქციის გატანას ევროკავშირის ბაზარზე გეგმავს. 
ჩირი ხილიდან წყლის გამოცლით მიღებული პროდუქტია. წყლის მოცილება შეიძლება როგორც ბუნებრივი გზით, მზეზე გაშრობით, ისე საწარმოო მეთოდით დეჰიდრატაციის მეშვეობით. ხილის ჩირის გამოყენებას მთელს მსოფლიოში დიდი ისტორია აქვს და ის განსაკუთრებულად ფასობს მისი ტკბილი გემოს, კვებითი ღირებულებისა და ხანგრძლივი ვადით შენახვის შესაძლებლობის გამო. გამშრალი ხილი ახალი ხილის კვებით ღირებულებას თითქმის უცვლელად ინარჩუნებს. ის ვიტამინების, მინერალების, ცილების და სხვადასხვა ბიოაქტიური კომპონენტების მნიშვნელოვანი წყაროა. 
ევროკავშირი მსოფლიოში ჩირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომხმარებელია. ევროპის ბაზარზე ძირითადად ბანანის, ფინიკის, ლეღვის, ფორთოხლის, გრეიფრუტის, გარგარის, ვაშლის, მსხლისა და ქლიავის ჩირი შედის.