სტატიები

კომპანია „გრემი“ ევროპის ბაზარზე თაფლს გაიტანს

მისივე ინფორმაციით, კომპანიამ ლატვიის დედაქალაქ რიგის ლაბორატორიაში გააგზავნა თაფლის 8 სახეობა, საიდანაც ევროკავშირის სტანდარტებთან 2 მათგანის შესაბამისობა დადასტურდა. 
„ჩვენ რიგის ლაბორატორიაში შესამოწმებლად გავაგზავნეთ თაფლის 8 სახეობა და 2–ზე მივიღეთ დადებითი პასუხი. ჩვენი პროდუქცია რომ ევროკავშირის ბაზარზე გავიდეს კიდევ მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი“, – განუცხადა knews.ge–ს გიორგი მაჩაბელმა.
საწარმო ამ ეტაპზე პროდუქციის ექსპორტს ევროპის 3 ქვეყანაში გეგმავს. გიორგი მაჩაბელი მიუთითებს, რომ ევროკავშირის ბაზარზე კომპანიის მიერ წარმოებული თაფლის რეალიზაციის მიზნით პროდუქციის ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისობის დადასტურება არ არის საკმარისი. კომპანიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ევროკავშირის ბაზრის გარდა, გრემში წარმოებული ქართული თაფლის რეალიზაცია აზიის ქვეყნებშიც განხორციელდება. 
„პროდუქციის გატანაზე ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება პოლონეთში, გერმანიასა და ლატვიაში. ყველა ქვეყენას პროდუქციასთან დაკავშირებით განსხვავებული მოთხოვნა აქვს. უცხოელ პარტნიორებთთან ერთად უნდა შევათანხმოთ ეს დეტალები. ამის გარეშე პროდუქციას გასაყიდად ვერ გავიტანთ. გარდა ამისა, საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს ევროკავშირის მიერ დაწესებულ ყველა სტანდარტს. არსებობს სხვა ბარიერებიც. შესაძლებელია 2 სახეობა გავიტანოთ, მაგრამ გარკვეული სირთულეა. მაგალითად თუ გათვალისწინებულია, რომ ექსპორტზე უნდა გავიდეს 20 ტონა თაფლი, შესაძლოა მხოლოდ 5 ტონა აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს, მაგრამ დანარჩენი ევროპის ბაზრის სტანდარტებთან არ იყოს შესაბამისი. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ევროპის ბაზარზე გასატანი პროდუქციის რაოდენობის 100% ევროპის ბაზრისთვის იყოს ვარგისი. ევროპის ბაზრის გარდა, ჩვენი პროდუქცია აზიაშიც გაიყიდება. ძალიან დიდი შანსია, რომ ქუვეითში, ერაყსა და ჩინეთშიც გავიდეს ექსპორტზე“, – განუცხადა knews.ge–ს გიორგი მაჩაბელმა. 
გასული წლის მაისში ევროკავშირმა საქართველო შეიყვანა მესამე ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნიდან თაფლის ექსპორტი დაშვებულია. ტაფლის ევროპის ბაზარზე გასატანად საჭიროა ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელშიც მკაცრად არის გაწერილი აკრძალული ნივთიერების დასაშვები რაოდენობები. 
თაფლი სერტიფიკატის მისაღებად ევროპულ ლაბორატორიაში უნდა გაიგზავნოს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე კახა სოხაძე განმარტავს, რომ თაფლის ევროკავშირის ქვეყნებში იმპორტის განხორციელებისთვის მეფუტკრე ვალდებულია:
დარეგისტრირდეს სურსათის მწარმოებელ ბიზნესოპერატორად, დაიცვას თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2015 წლის იანვარში დაამტკიცა. 
„რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს თაფლის მიმართ, თაფლის მარკირებისა და ეტიკეტირების შესახებ, თაფლის ბაზარზე განთავსების პირობების შესახებ, მოთხოვნებს ბიზნესოპერატორის მიმართ, თაფლის შესაბამისობის კონტროლის პროცედურებს. დოკუმენტი განსაზღვრავს ბაზარზე თაფლის განთავსების პირობებსაც. რაც ყველაზე მთავარია, თაფლი ფარმაკოლოგიურად არ უნდა იყოს დაბინძურებული, რაც გულისხმობს თაფლში ანტიბიოტიკების, საკვები დანამატების და სხვა საკვები ინგრედიენტების დამატებაწ. ბაზარზე განთავსებული თაფლი მიღებული უნდა იქნეს ჯანმრთელი ფუტკრისგან და გამოდიოდეს ფუტკრის ინფექციური დაავადებების მხრივ კეთილსაიმედო მეურნეობიდან (რეგიონიდან). უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უვნებლობის მაჩვენებლებს; ეტიკეტირებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით“, – ამბობს კახა სოხაძე.
მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, ქართული თაფლის გატანას კომპანია გრემის გარდა ჯერჯერობით ვერცერთი საწამო ვერ ახერხებს. ოფიციალური ინფორმაციით კი ევროკავშირის ბაზარზე ყოველწლიურად თაფლზე მოთხოვნა 6%-ით იზრდება.