თელავში საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა გაიმართება
knews.ge-ს ინფორმაციით, შეხვედრას საკონსტიტუციო კომისიის წევრებთან ერთად ოპოზიური პარტიების წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები და დაინტერესებული მოქალაქეები დაესწრებიან.
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, საყოველთაო საკონსტიტუციო განხილვა უპრეცედენტოდ დემოკრატიულად მიმდინარეობს.
,,პასუხგაუცემელი არ რჩება არც ერთი კითხვა. კონსტიტუციის საყოველთაო სახალხო განხილვებმა კარგი სტარტი აიღო. ჩვენ მაშინ მივალთ კონკრეტულ შედეგამდე, როცა ყველა მათ ნათქვამ სიტყვას გავითვალისწინებთ და ვიმსჯელებთ”, – აღნიშნავს მდინარაძე.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში 1 მაისს დარეგისტრირდა. პროექტს “ქართული ოცნების” 108 დეპუტატი აწერს ხელს. პროექტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნა. ცვლილებები პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე დამტკიცდება. კანონპროექტი პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, ოჯახის დეფინიციის განისაზღვრებას, მოსამართლეების წარდგენა-დანიშვნაში პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს. მოსალოდნელი ცვლიბების მიხედვით, კონსტიტუციაში საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ ჩაიწერება. პროექტში პარლამენტის ადგილსამყოფელი განსაზღვრული არ არის.