გურჯაანში 770 ჰექტარი ვენახი დაისეტყვა
კომისიის ხელძღვანელის, ჯემალ შალაშვილის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 6 სოფელი ახაშენი, ზეგაანი, ჩუმლაყი, ველისციხე, მუკუზანი, ბაკურციხესა და კარდენახი დაზარალდა. მისივე განცხადებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 770 ჰექტარი ვენახი დაისეტყვა.
,, კომისიამ მუშაობა დაასრულა. ჩვენი უფლებამოსილება იყო, რომ ზარალის ზოგადი სურათი აღგვეწერა. ყველაზე მეტად დაისეტყვა სოფელი ბაკურციხე. მუნიციპალიტეტში ჯამში დასეტყვილია 770 ჰექტარი ვენახი, 710 ჰექტარი კურკოვანი, 15 ჰექტარი ერთწლიანი კულტურები და ძირითადად ბაღჩა–ბოსტნეული. ოჯახებისთვის მიყენებული ზარალი 5-დან 50%-მდე მერყეობს. ზარალის ანაზღაურების საკითხზე კი იმსჯელებს შესაბამისი სტრუქტურა და მიიღებს გადაწყვეტილებას. “, – განუცხადა knews.ge-ს შალაშვილმა.
მისი განმარტებით, თუ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა დროულად არ ამოქმედდებოდა, ზარალი გაცილებით დიდი იქნებოდა.
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტაში” ამბობენ, რომ კახეთის რეგიონში ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებიდან რამდენიმე მძლავრი ფრონტალური ღრუბლის მასა დამუშავების შედეგად კავკასიონის ქედზე წვიმის სახით ჩამოიცალა.
,,შიდამასიური ღრუბლის მასები 100 ერთეული რაკეტით დამუშავდა. ატმოსფერული პროცესების განვითარების და ღრუბელთა მასების გადაადგილების პარალელურად განუწყვეტელ რეჟიმში ხდებოდა მათი სარაკეტო დამუშავება. რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი და წვიმა”, – განმარტავენ ,,დელტაში”.
ადგილობრივები კი ამბობენ, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ დროულად არ იმუშავა. ისინი ფიქრობენ, რომ შესაძლებელი იყო ზარალის ოდენობის შემცირება.
,,რისთვის სჭირდებათ ეს სისტემა, სეტყვა მაინც გვინადგურებს მოსავალს. მაისში კი არა, ხშირად ივნისშიც გაუფუჭებია ყველაფერი. დაგვეხმაროს მთავრობა, რომ ზარალი აგვინაზღაუროს. ისედაც სოფელში ცხოვრება ვის უნდა და ასეთ შემთხვევებში, მითუმეტეს. მოსავალის დიდი ნაწილი ჯერ არ მოსულა და სეტყვა გვინადგურებს ყველაფერს, მეორე საკითხია რა ფასად გაიყიდება ჩვენი ნაშრომი. სეტყვის გარდა, მოსავალს სხვადასხვა დაავადებაც გვინადგურებს”, – აცხადებს გურჯაანში მცხოვრები ზეინაბ ოსოშვილი.
გურჯაანის გამგეობაში აცხადებენ, რომ მოსავლის ზარალის პრევენციის მიზნით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის გარდა, მუნიციპალიტეტში დამონტაჟდება 3 აგრომეტეოსადგური, რომელიც მოსახლეობას sms-ის საშუალებით მიაწვდის ინფორმაციასაგროვადებზე, ვენახისა და ხეხილის მოვლაზე, გავრცელებული დავადებების პრევენციის გზებსა და სხვა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
,,5 კილომეტრის რადიუსში შედის სოფელი ახაშენი, ჩუმლაყი, ველისციხე, ზეგაანი, ქალაქი გურჯაანისა და სოფელ გურჯაანის ნაწილი. აქ მცხოვრებლებს მიეწოდებათ ინფორმაცია აგრო საკითხების შესახებ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საინფორმაციო ბაზების სრულყოფის პროცესი და უახლოეს მომავალში ამ სოფლების მაცხოვრებელი ისარგებლებენ ახალი მომსახურებით აგრომეტესადგურის მეშვეობით”, – განმარტავს knews.ge-სთანსაუბრისას გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის ეკონომიკური განვითარების, დაგეგმისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი სპეციალისტი ჯემალ შალაშვილი.