სტატიები

კახეთის ქალაქებში სანიაღვრე არხების მოწესრიგებას ითხოვენ

ადგილობრივები განმარტავენ, რომ სოფელში ცენტრალურ გზაზე სადაც ასფალტის დაგება მიმდინარეობს, არ არსებობს სანიაღვრე არხები.

,,არ კეთდება სანიაღვრე არხები, ისედაც ეს პრობლემა ხალხს წლებია აწუხებს. თუ წყალმა ვერ გაიარა, ეს ახლადდაგებული გზა დაზიანდება”, – ამბობს knews.ge-სთან მოსახლეობა.

იგივე პრობლემა აწუხებთ რეგიონის სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში. ახმეტაში, ყვარელსა და გურჯაანში მოსახლეობა სისტემის სრულ რეაბილიტაციას წლებია ითხოვს.

ადგილობრივები ალაზნის ხეობის ნაპირგამაგრების აუცილებლობაზეც ამახვილებენ ყურადღებას. ისინი ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ, და ამბობენ, რომ პრობლემების მოგვარება ახლო მომავალში უნდა დაიწყოს. 

„სანიაღვრე სისტემა გაუმართავია, წვიმის დროს სახლების პირველი სართულები გვეტბორება. ხელისუფლებამ ხეობაში ამ პრობლემის მოგვარება უნდა დაიწყოს. ალაზნის ხეობის ნაპირგამაგრებაც აუცილებელია. სხვა ბევრი პრობლემაა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ეს საკითხები უნდა მოგვარდეს“, – განუცხადეს knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელმა თემო რეხვიაშვილმა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტების ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში მოსახლეობა იგივე პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ გარდა სანიაღვრე არხებისა, იორმუღანლოს თემში უამრვი პრობლემაა.

,,შიდასაუბნო გზებია მოსაწყობი, ასევე დიდი პრობლემაა სასმელ წყალთან დაკავშირებით, საძოვრები და სხვა. სანიაღვრე არხების მოწყობასაც და სხვა პრობლემებსაც მხოლოდ არჩევნების წინ მოდიან და გვპირდებიან, შემდეგ ჩაივლის არჩევნები და არაფერი ხდება”, – განუცხადა knews.ge-ს იორმუღანლოში მცხოვრებმა აჯი ასანოვმა.

მოსახლეობა გაუმართავ სანიაღვრე არხებს უკავშირებს უხვი ნალექის დროს სოფლებში საცხოვრებელი სახლებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების განადგურებას. 

,,მომეტებული წვიმის დროს სანიაღვრე არხების გაუმართაობის გამო წყალი სახლში გვივარდება, გვეტბორება პირველი სართულები, გვეხოცება ფრინველი და გვინადგურდება სასოფლო-სამეურნეო კულტურები. ერთხელ ხომ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა. სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იყო ამ პრობლემის თავიდან აცილება”, – განაცხადა knews.ge-სთან ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ნაზი ბაიარამაშვილმა.