მუკუზნის „მარანულში” წარმოებული ღვინო ევროკავშირში ბაზარზე გავიდა
როგორც knews.ge-ს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ქარხანაში ყოველწლიურად 300 ტონამდე ყურძენი მუშავდება.
,,საწარმო აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტებით. წარმოებული 285 000 ბოთლი ღვინის რეალიზაცია ხორციელდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში. საწარმოში ჯამურად განხორციელდა 3 350 000 აშშ დოლარი ინვესტიცია, საიდანაც 600 000 აშშ დოლარს შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს”, – განუცხადა knews.ge–ს „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის მენეჯერმა გიორგი ჯიბლაძემ.
“მარანულის” ხელმძღვანელის, გიორგი კილაძის ინფორმაციით, საწარმოში არსებული დამოუკიდებელი სადეგუსტაციო კომპანია სხვა მწარმოებლებს ეძლევათ პროდუქციის ხარისხისა და პოპულარიზაციის გაზრდის შესაძლებლობა.
,,ჩვენი მისიაა რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავასინჯოთ და შევაყვაროთ კარგი ქართული ღვინო. კარგი ღვინოების შესაგროვებლად შევქმენით დამოუკიდებელი სადეგუსტაციო კომისია, სადაც პერიოდულად ახალ-ახალ დეგუსტატორებს ვიწვევთ. ღვინის შერჩევის ჩვენი მიდგომა შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს ყველა მწარმოებელს, განსაკუთრებით კი მცირე მარნებს, კარგი ღვინო ქართველ მომხმარებლამდე მიიტანონ და პოპულარობა მოიპოვონ. ნებისმიერ მეღვინეს შეუძლია, მოგვაწოდოს საკუთარი ღვინო და სადეგუსტაციო კომისიის მხრიდან მოწონების შემთხვევაში ჩვენი მაღაზიის თაროებზე მოხვდეს. ყველა ეს ღვინო თაროებზე ეწყობა ჯიშების და ადგილწარმოშობის მიხედვით, რომლის შემთხვევაშიც ყველა მეღვინეობა თანაბარ პირობებშია. მწარმოებლის მიხედვით თაროზე უპირატესობები არ ენიჭება. ჩვენი სტუმრებისთვისაც უფრო მოსახერხებელია ამ მიდგომით სასურველი ღვინის მოძიება. კარგი ღვინო არ არის მხოლოდ მაღალ შემოსავლიანი ადამინების სასმელი”, – აღნიშნა გიორგი კილაძემ.