გურჯაანში რამდენიმე სოფელი დაისეტყვა
გამგეობის ინფორმაციიყ, დასეტყვილია სოფელი ჩუმლაყი, ახაშენი, მუკუზანი და შაშიანი. როგორც ადგილობრივებმა knews.ge-ს განუცხადეს, სტიქიამ ერთწლიანი კულტურები, ნარგავები და ბაღები დააზიანა.
,,რისთვის დაამონტაჟეს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, რომ სეტყვა ისევ ანადგურებს ჩვენს ნაშრომს. ხომ შეიძლება სეტყვასაშიში ღრუბლების განეიტრალება და წვიმის სახით ჩამოცლა. გასულ წელსაც დავისეტყვეთ და წელსაც. გარდა ბოსტნებისა, დაისეტყვა ხეხილიც. ჯერ არვიცით რა მდგომარეობაა ნაკვეთებში, სადაც წლის სარჩო მოგვყვავს”, – აცხადებენ ადგილობრივები.
,,დელტაში” აცხადებენ, რომ კახეთის რეგიონში ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებითან რამდენიმე მძლავრი ფრონტალური ღღუბლის მასა დამუშავების შედეგად კავკასიონის ქედზე ჩამოიცალა წვიმის სახით.
,,დილის 09:00 საათიდან რეგიონში განვითარება დაიწყო შიდამასიურმა ღრუბლის მასებმა, რასაც თან დაერთო ფრონტალური ღრუბლის მასების შემოსვლა. 09:25 საათიდან 11:15 საათამდე ღრუბლები 100 ერთეული რაკეტით დამუშავდა. შედეგად ფრონტალურ ღრუბლის მასებში არსებული სეტყვის მარცვლები არსებულ პარამეტრებში იქნა შენარჩუნებული და შეიზღუდა მათი ზომაში და რაოდენობაში გაზრდა. შიდამასიური ღრუბლის სრული მასა კი წვიმის სახით ჩამოიცალა. ზემოთაღნიშნული ატმოსფერული პროცესების განვითარების და ღრუბელთა მასების გადაადგილების პარალელურად განუწყვეტელ რეჟიმში ხდებოდა მათი სარაკეტო დამუშავება. რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი და წვიმა”, – განმარტავენ ,,დელტაში”.
ამ ეტაპზე ზარალის რაოდენობა უცნობია. როგორც knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს, ზარალის შემსწავლელი კომისია დღის ბოლომდე დაითვლის სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანს და ინფორმაციას გაავრცელებს.