სტატიები

დედოფლისწყაროში მზა საკვების მწარმოებელი საწარმო გაიხსნა

საწარმოს მარკეტინგის მენეჯერის, ქეთი ქელეხსაშვილის მტკიცებით, კომპანია “ნაციონალური დელიკატესი ნდ” მომხმარებელს 100%-ით ნატურალურ, სპეციალურ პაკეტებში შეფუთულ, მზა საკვებს სთავაზობს. კომპანიაში 7 სახეობის პროდუქტი, ლობიო ლორით, ბორში ძროხის ხორცით, სუპ ხარჩო, ქათმის ჩახოხბიოლი, ქართული ფლავი (შილა ფლავი), ფლავი ძროხის ხორცით (უზბეკური ფლავი) და ბრინჯი ბოსტნეულით იწარმოება. 
საწარმოში ირწმუნებიან, რომ კერძები არ შეიცავს კონსერვანტებსა და დანამატებს და პროდუქცია მხოლოდ ნედლი ხორცითა და ბოსტნეულით მზადდება.
“საწარმოს მიერ დამზადებული ყველა პროდუქტისათვის გამოყენებულია მხოლოდ ახალი, სუფთა და სასარგებლო ქართული ნატურალური ინგრედიენტები, რაც ერთ-ერთი წინაპირობა იყო საწარმოს ადგილმდებარეობის განსაზღვრაში. ჩვენი პროდუქტი გათვლილია იმ ადამიანებზე, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია დროის ფაქტორი და ჯანსაღი კვება. დროის მინიმალური დანახარჯით ადამიანს შეუძლია მიირთვას 100% ით ნატურალური ქართული კერძები. მის მოსამზადებლად ინგრედიენტებს, ანუ ბოსტნეულსა და ხორცს ვყიდულობთ ფერმერებისგან, რომლებსაც პროდუქტის უვნებლობის საჭირო სერტიფიკატები აქვთ. საწარმო მდებარეობს დედოფლისწყაროში, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიით. დასაქმებული გვყავს ადგილობრივი მაცხოვრებლები, დაახლოებით, 30 ადამიანი, რომლებსაც აქვთ გავლილი გადამზადება და არიან კომპეტენტურები”,- განუცხადა Knews.ge-ს ქეთი ქელეხსაშვილმა. 
ამ ეტაპზე კომპანია ქართულ ნაციონალურ და უცხოურ ტრადიციულ კერძებს ამზადებს. კომპანიაში ამბობენ, რომ საწარმოს პროდუქციაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება .
,,ტექნოლოგიური ინოვაციებისა და ცხოვრების მზარდი ტემპის შესაბამისად მზა პროდუქტების მომხმარებელი სეგმენტიც სწრაფადმზარდია. ნატურალური და ცოცხალი ინგრედიენტებისაგან დამზადებული მზა საკვების ბაზარზე გამოსვლა დიდ დახმარებას გაუწევს იმ ხალხს, ვისთვისაც ჯანსაღი კვება მნიშვნელოვანია,’’– განაცხადა ქეთი ქელეხსაშვილმა.
კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია ამ ეტაპზე თბილისში ქსელურ მარკეტებში და უბნებში გათავსებულ მცირე მაღაზიებში იყიდება. ქეთი ქელეხსაშვილის ინფორმაციით, მომხმარებელს შეუძლია პროდუქციის ონლაინ შეძენაც bigmarket.ge– ზე, სადაც განთავსებულია მათ მიერ წარმოებული პროდუქციის სრული ასორტიმენტი. 
კომპანიაში აცხადებენ, რომ საწარმო ფლობს საერთაშორისო სერტიფიკატს ISO 9001:2015. მზა საკვების მწარმოებელ კომპანიაში დანერგილია HACCP-ის სისტემა.
,,ჩვენი პროდუქციის გასაყიდი ფასები ხელმისაწვდომია ყველასთვის. ერთი ულუფის ღირებულება 3–დან 4.50 ლარამდეა. ამასთან, ნედლეულს გავლილი აქვს ყველანაირი შემოწმება. ქართულ ბაზარზე ჩვენნაირი პროდუქტი არ არის. ბაზარზე არის მზა კერძები, რომელიც მალფუჭებადია, ან პროდუქტები, რომელსაც სჭირდება სანელებლები. ჩვენი პროდუქცია კი არის მზა და საჭიროებს მხოლოთ 2-3 წუთით მიკროტალღურ ღუმელში გაცხელებას.’’
კომპანია სამომავლოდ ევროპის ბაზარზე პროდუქციის გატანას გეგმავს.