კარდენახში მდებარე ე.წ.,,ათანაანთ” ციხე-კოშკს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ციხე-კოშკი მდებარეობს, კარდენახის სამამულო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალურ პარკში. როგორც knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ძეგლთა დაცვის სპეციალისტმა განუცხადა, კოშკი განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. მისივე ინფორმაციით, ციხესიმაგრეში შემორჩენილია სამი სართული და მეოთხე სართულის კედლების ფრაგმენტები.
„კოშკი ნაშენია, რიყის ქვით კირის დუღაბზე. კედლებში დატანებულია ბუხრები, ნიშები და სათოფურები. სართულშუა გადახურვა მთლიანად ჩამოშლილია. კოშკიდან დაახლოებით 50 მეტრის დაშორებით დგას ცილინდრული ფორმის მეორე კოშკი, რომელიც შემორჩენილია პირველი სართულის დონეზე. კოშკების მიმდებარე ტერიტორიაზე დგას ,,ფერისცვალების” სახელობის ეკლესია, რომელიც დანგრეულია მთლიანად და შემორჩენილია მცირე ფრაგმენტების სახით. მემორიალური პარკის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ეკლესიის ფრაგმენტებია შემორჩენილი. გვიანდელ შუა საუკუნეებში (XVII-XVIII სს) აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენდა საკმაოდ ძლიერ გამაგრებულ პუნქტს, რომელსაც მტრების შემოსევების დროს თავს აფარებდა სოფელ კარდენახის მოსახლეობა. ალაგ-ალაგ შემორჩენილია ძველი გალავნის ნაწილები, რომლის შიგნითაც მოქცეული იყო ზემოთ აღნიშნული ისტორიული ძეგლები”, – განუცხადა knews.ge-ს თამაზ მარკოზაშვილმა.