გურჯაანში მომხდარი ავარიის შედეგად სკოლაში მიმავალი გოგონა გარდაიცვალა
როგორც knews.ge-ს სოფელში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა, ავთანდილ შიშნიაშვილმა განუცხადა, მე-4 კლასელი გოგონა სკოლაში მიდიოდა და მას გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაჯახა. მისივე ინფორმაციით, ბავშვი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილი სოფელ ჯიმითის სკოლაში სწავლობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლი სოფელ ჯიმითში ცხოვრობს.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რომელიც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.