გურჯაანის ხილის გადამამუშავებელ საწარმოში კონცენტრანტებს დაამზადებენ
კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საწარმოს დაგეგმილი აქვს კონცენტრანტების წარმოება.
,,ეს არ იქნება მხოლოდ ხილის მიმღები და საშრობი პუნქტი, არამედ განთავსდება მაცივრებიც. ქარხანაში მოხდება ხილის გადამუშავება და შემდგომში მისი კონცენტრანტად დამუშავება, რომლის რეალიზებაც ჩვენს ბაზარზე მოხდება. 6 ათასი ტონა ხილის გადამუშავება ჩვენი რეგიონისთვის მცირე მასშტაბი არ არის. გამოდის, რომ ფაქტობრივად, ხილის მესამედს კონცენტრატის სახით მივაწვდით ბაზარს. რეგიონს აქვს დიდი პოტენციალი სოფლის მეურნეობის სფეროში, რომელიც უნდა ავითვისოთ. სფეროში ჩართულმა ადამიანებმა უნდა შეიმუშავონ ბიზნეს გეგმები სწორად, რათა ხილისა და ზოგადად კულტურების მოყვანა მოხდეს ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად”, – აღნიშნავს ირაკლი ქადაგიშვილი.
მისივე თქმით, საჭიროა დამატებითი ბაღების გაშენება და დამატებითი ხილის წარმოება ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
ფერმერი იზოლდა ქიტესაშვილი, რომელიც ქარხნის მშნებელობას უდგას სათავეში აცხადებს, რომ გარდა კონცენტრანტებისა, მოხდება ჩირის წარმოებაც.
,,ეს იქნება ევროპული სტანდარტის ქარხანა, რომელიც USAID- ის პროექტთან თანამშრომლობით შენდება. აქ მოხდება როგორც ჩვენ მიერ წარმოებული ხილის რეალიზება, ასევე შევისყიდით პროდუქციას ადგილობრივებისაგან”, – ამბობს knews.ge-სთან ქიტესაშვილი.
ფერმერი ქალის სამომავალო გეგმა პროდუქტის ევროპულ ბაზარზე გატანაა.