თელავს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სტუმრობდა
კვირეულის ფარგლებში ღონისძიებას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი დაესწრო.
,,ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა დაიწყო 1992 წელს, მაგრამ ეს არის გაცილებით მეტი, ვიდრე მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობები 2 ქვეყანას შორის. ეს არის პირველ რიგში, პარტნიორობა და თანამშრომლობა. როგორც დიპოლომატს, ბევრ ქვეყანაში მიმუშავია, მაგრამ ეს არის უნიკალური ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენ ვთანამშრომლობთ ძალიან ბევრ სფეროში, მათ შორის სოფლის მეურნეობისა და მედიის მიმართულებით. ამერიკამ 25 წლის მანძილზე 4 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა საქართველოში, დაახლოებით 5 ათასმა ქართველმა სტუდენტმა მიიღო განათლება ამერიკაში. საქართველოში მოდის ბევრი ამერიკელი, სადაც ხდება გამოცდილების გაზიარება და დამეგობრება. ჩვენ, ამერიკელებს, გვიყვარს და ვაფასებთ საქართველოს. ჩამოყალიბდა მჭიდრო ურთიერთობა, რომელიც მხოლოდ დასაწყისია. მომავალში იქნება მეტი ურთიერთობა და პარტნიორობა 2 ქვეყანას შორის”, – განუცხადა knews.ge-ს ნიკოლას ბერლინერიმ.
როგორც knews.ge-ს ამერიკის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დემოკრატიული და საგრანტო პროგრამების კოორდინატორმა ნინო გაგუამ განუცხადა, კახეთის რეგიონში ამერიკის კვირეული 22 აპრილს დაიწყო.
,,დღევანდელ ღონისძიებაზე მოწვეულმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამართეს საინფორმაციო შეხვედრები აშშ-ის გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე საკონსულო და საიმიგრაციო მომსახურების, სხვადასხვა საგრანტო, დახმარებისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტების შესახებ”, – აღნიშნავს ნინო გაგუა.
ამერიკის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელის დემოკრატიული და საგრანტო პროგრამების კოორდინატორის ნანა კიკნაძეს თქმით, ღონისძიებებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
,,ამერიკის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში შედის როგორც საინფორმაციო, ასევე მეგობრობის ფორუმები. ვცდილობთ, ჩვენი ქვეყნების 25 წლიანი მეგობრებული ურთიერთობა აღვნიშნოთ. ამერიკის დღეების კვირეული 30 აპრილს დაიხურება. ხვალ, 25 აპრილს 25 ამერიკულ ჰიტს, მუსიკალური რადიო პროგრამას უსმინეთ პანკისის საზოგადოებრივ რადიოში, რომელიც დაიწყება 18:15 საათზე. 27 აპრილს გაიმართება ინტელექტუალური თამაშები პანკისში 15:00 – 16:30 საათზე. 29 აპრილს ჩატარდება სათამაშო მობილი ყარაჯალის მოსწავლეთათვის, ეს არის შემეცნებითი თამაშები 6-12 წლის მოსწავლეებისთვის ქართულ და ინგლისურ ენაზე. ღონისძიება ჩატარდება ყარაჯალის სკოლაში და დაიწყება 12:00 საათზე. 30 აპრილს გაიმართება სათამაშო მობილი ყვარლის მოსწავლეთათვის გრემის სათემო ორგანიზაციაში, რომელიც სტარტს 12:00 საათზე აიღებს,“ – განმარტავს knews.ge-სთან ნანა კიკნაძე.
ამერიკის კვირეული კახეთში 30 აპრილს დასრულდება.