თვითმმართველობასტატიები

როგორ სრულდება ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულები

ორგანიზაციის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის ვანო ჩხიკვაძის ინფორმაციით, ანგარიში ეხება ევროკავშირსა და საქართველოს შორის, 2014 წელს გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ნაწილს, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით სისტემური რეფორმების გატარებას ითვალისწინებს.

,,ეს არის სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი, რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ ხორციელდება. ვიცით, რომ სამომავლო ნაბიჯები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, საბოლოო მიზანი კი ევროკავშირში გაწევრიანებაა. შესაბამისად, ამ მხრივ უნდა შემუშავდეს სრულყოფილი სამოქმედო გეგმა რისკების ჩათვლით, რომელსაც მივყვებით და განვახორციელებთ“, – განუცხადა knews.ge-ს ჩხიკვაძემ.

ადამიანის უფლებების, სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) პროექტის კოორდინატორი თამარ ჭუბაბრია ყურადღებას ამახვილებს შრომითი ინსპექციის ეფექტურ მუშაობაზე და მიიჩნევს, რომ ინსპექციის როლი უნდა გაიზარდოს.

,,2014-2016 წლებში ასოცირების დღის წესრიგში დადგა შრომითი ინსპექციის ეფექტური მუშაობისა და მედიაციის მექანიზმების გაძლიერების საკითხები. რეკომენდაციები ორგანიზაციების მხრიდან შეეხება იმას, რომ შრომის ინსპექცია დასაქმების ადგილებზე უნდა აღიჭურვოს უპირობო დაშვების მანდატით. დარღვევების შემთხვევაში უნდა იყოს სანქცირების საშუალება. შრომითი ინსპექციის მანდატის უფლებამოსილება უნდა ვრცელდებოდეს არა მხოლოდ შრომის, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის საკითხებზე, არამედ შრომის სხვა უფლებებსა და პირობებზე. წელს გაცემულია დაპირება, რომ შრომის ინსპექცია აღიჭურვება უპირობო დაშვებით დასაქმების ადგილებზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხების შესასწავლად. დღეს შრომის ინსპექციამ უნდა მოიპოვოს უფლება დამსაქმებლისგან, რომ განახორციელოს მონიტორინგი დასაქმების ადგილზე, თუ რომელიმე თანამშრომელმა მოითხოვა ინსპექტირება ორგანიზაციაში. უპირობო მანდატი ნიშნავს, რომ რეფორმის შემდეგ აღარ იქნება საჭირო დამსაქმებლის თანხმობა და ჩატარდება მონიტორინგი, ინსექტირება მოთხოვნის საფუძველზე“, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას ჭუბაბრია.

ფონდი ,,ღია საზოგადოება საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი ურუშაძე ასოცირების დღის წესრიგის შესრულების ნაწილში ანტიკორუფციული პოლიტიკისა და საჯარო სამსახურებში გატარებულ რეფორმებზე საუბრობს. მისი განმარტებით, 3 წლის დაკვირვებამ ცხადყო, რომ მიუხედავად გატარებული რამდენიმე ძირეული ცვლილებისა, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმებია საჭირო.

,,განხორციელდა რამდენიმე ძირითადი ცვლილება. ეს არის საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის მიღება, ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შემოღება, ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის მიღება. მაღალი დონის კორუფციის ეფექტური გამოძიებისა და დამოუკიდებელი პროფესიონალური საჯარო სამსახურის შექმნის მიმართულებით დიდი პროგრესი არ გვაქვს. მაგალითად, რეგიონებში მნიშნელოვანი და აქტუალურია საჯარო მოხელეების განთავისუფლების შემთხვევები, განსაკუთრებით არჩევნების შემდგომ პერიოდებში, 2012-2014 წლებში იყო მასობრივი დათხოვნა საჯარო სამსახურებიდან. ამ მხრივ მნიშნელოვანია დამატებითი გარანტიების შექმნა, რათა ისინი იყვნენ დაცულები. რაც შეეხება რეკომენდაციებს, მთავარია შეიქმნას მექანიზმები მაღალი დონის კორუფციების შესაძლო შემთხვევების გამოსაძიებლად. ასევე მნიშნელოვანია, ხელისუფლებამ აღიაროს ეს პრობლემა და დაიწყოს ამ თემაზე დიალოგი“, – აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას ურუშაძე.

„ღია საზოგადოება საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძეს ფიქრობს, რომ ევროინტეგრაცია არ უნდა იყოს ჩაკეტილი პროცესი, ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია თითოეულ მოქალაქეს დეტალურად უნდა მიეწოდოს. 

,,აქამდე ვიზა იყო ერთგვარი ბარიერი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ემოგზაურათ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში. ვიზალიბერალიზაცია არის ხელჩასაჭიდი სარგებელი, რითიც უნდა ისარგებლოს ნებისმიერმა მოქალაქემ სწორედ ევროინტეგრაციის პროცესის შედეგად. მაგალითად, კახელ მევენახეს შეუძლია, ჩავიდეს ნახოს, გაეცნოს სიახლეებს, შეიძინოს გარკვეული გამოცდილება. მეორე მხრივ, გაიცნოს ადამიანები, კოლეგები მევენახეობის სფეროდან. ახლახანს მთავრობამ დაამტკიცა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კომუნიკაციის სტრატეგია. დოკუმენტის მიზანია, მოხდეს საჭიროებების ანალიზი, რის საფუძველზეც მიეწოდება ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებს. კარგი იქნება, მაგალითად, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განსაზღვროს სამოქმედო გეგმით რა უნდა მიაწოდოს საკუთარ სეგმენტს საჭიროების მიხედვით. მითები, რომლებიც ვრცელდება, მათ შორის, სოფლის მეურნეობის დარგში, ბევრი ქმედითი ნაბიჯია გადასადგმელი, რათა რუსული რბილი ძალის გავლენას შევეწინააღმდეგოთ“, – განუცხადა knews.ge-ს ჩხიკვაძემ. 

თელავის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი ნიკოლოზ შარვაშიძე აცხადებს, რომ მმოსახლეობას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

,,მოსახლეობამ უნდა იცოდეს, როგორ მიმდინარეობს პროცესი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მხრივ, რა რეფორმები ტარდება ამა თუ იმ სფეროში და როგორია მისი შედეგები დღეს“, – ამბობს knews.ge-სთან შარვაშიძე.