იორმუღანლოში ფისტას წარმოებელი ქარხნის მშენებლობა იგეგმება
სამუშაოებს საინვესტიციო კომპანია „არიკ ჯგუფი“ შეასრულებს. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე იორმუღანლოში ფისტას პლანტაციები შენდება.
,,საუბარია საგარეჯოს რაიონში კომპანიის მფლობელობაში არსებულ ფართობზე ქართული ფისტას მოყვანასა და ღვინის წარმოებაზე. „არიკ ჯგუფს“ ადგილობრივ კლიმატსა და ნიადაგურ პირობებზე მორგებული ფისტას ახალი ჯიშის გამოსავლენად ჩატარებული აქვს მეცნიერული კვლევა. კვლევაზე დაყრდნობით კომპანიამ გადაწყვიტა, განეხორციელებინა ინვესტიცია. საქართველოს აგროკლიმატური პირობები ფისტას წარმოების შესაძლებლობას იძლევა. ფისტა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნადი კაკლოვანი მცენარეა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ ამ პროდუქტის მსხვილი მწარმოებელი და შემდეგ ეტაპზე კი ექსპორტიორი ქვეყანა. დაგეგმილია 1000 ჰექტარი ფისტას პლანტაციის გაშენება”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სოფლის მეურნეობის პროექტების გარდა, „არიკ ჯგუფი“ ტურიზმის მიმართულებითაც მუშაობს და გეგმავს 5-ვარსკვლავიანი 150 ტურისტული ვილის მშენებლობასაც, რომელიც უცხოელ და ადგილობრივ ტურისტებზე იქნება გათვლილი. პროექტის ბოლო ეტაპი კი გულისხმობს გასართობი-სპორტული მომსახურებების განვითარებას, როგორიცაა პოლო, გოლფი, ცხენზე ჯირითი და პარაშუტით ხტომა.
,,საინვესტიციო კომპანიის ყველაზე ფართომასშტაბიან პროექტს კახეთში, საგარეჯოს რაიონში, „ვინიჩიო ველის“ (Vinichio Valley) – ანუ „მწვანე“ ტურისტული ცენტრის განვითარება წარმოადგენს. პროექტის განვითარებისას, ძირითადი აქცენტი ქართული ფისტას და ღვინის წარმოებაზე კეთდება. იგეგმება ღვინის, მშრალი ხილის და ფისტას წარმოებელი სამი სხვადასხვა ქარხნის მშენებლობა. ამ ეტაპზე დასრულებულია 125 ჰექტარი ინდუსტრიული ვენახის და 50 ჰექტარი ხილის ბაღების გაშენება”, – განაცხადეს კომპანიაში.