სტატიები

თუშეთი შესაძლოა ცალკე თვითმმართველ ერთეულად ჩამოყალიბდეს

შესაბამისი ინიციატივით მთავრობას, პარლამენტის თავმჯდომარესა და სხვა სახელმწიფო უწყებებს ასოციაცია „თუში მეცხვარეს” ხელმძღვანელმა, იდეის ერთ-ერთმა ავტორმა უკვე მიმართა. ზურაბ მურთაზაშვილი ფიქრობს, რომ საკუთარი საბიუჯეტო რესურსის არსებობა ადგილობრივების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და დაცლილ სოფლებში მოსახლეობის დაბრუნებას შეუწყობს ხელს.
,,მნიშვნელოვანია და ეს შესაძლებელიც არის გამოიყოს ცალკე მუნიციპალიტეტი, რომელსაც ექნება თვითკმარი ბიუჯეტი, ეს თუშეთს ეკონომიკურად გაძლიერებაში შეუწყობს ხელს. ჩვენ მსგავსი მოთხოვნით უკვე მივმართეთ სახელმწიფო უწყებებს და მათგან პასუხს ველოდებით’’,- განაცხადა ზურაბ მურთაზაშვილმა.
თუშეთის ახმეტის მუნიციპალიტეტისგან გამოყოფას მხარს უჭერს სოფელ ომალოს, ზემო და ქვემო ალვანის მოსახლეობაც. მათი მტკიცებით, საქართველოში მონარქიული მმართველობის დროს ისინი დამოუკიდებლად მართავდნდენ თემს. ადგილობრივები თუშეთის ეკონომიკური განვითარების სერიოზულ პოტენციალზეც ამახვილებენ ყურადღებას.
,,ძველად თავად ვმართავდით თუშეთს და პრობლემებსაც თავად ვაგვარებდით. ახლა გვინდა სტატუსის დაბრუნება, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები თავად გადავწყვიტოთ. გარდა ამისა, ის გადასახადები, რასაც ვიხდით, დარჩება ჩვენთან და სოფლების გაძლიერებას და არსებული პრობლემების მოგვარებას მოხმარდება,’’– განაცხადა სოფელ ზემო ალვანის მკვიდრმა იზო ალხანაიძემ.
თუშეთის თემის ცალკე მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბების აუცილებლობაზე საუბნრობენ პოლიტიკიურ სპექტრშიც. პარტია “თავისუფალი დემოკრატებიდან” ახმეტის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ თუშეთის ცალკე თვითმმართველი ერთეულის ჩამოყალიბების შემთხვევაში ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავალი შემცირდება, თუმცა ოთარ კვირიკაშვილი ამაში პრობლემას ვერ ხედავს. მისი აზრით, ახმეტას აქვს დიდი პოტენციალი თუშეთისგან დამოუკიდებლად იყოს წარმატებული მუნიციპალიტეტი. 
კვირიკაშვილი აღნიშნავს, რომ ცალკე მუნიციპალიტეტის შექამნისთვის თუშები ამ ეტაპისათვის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ: მათ გააჩნიათ საკმარისი ადამიანური, გეოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული რესურსი.
,,თუშეთის თემისგან უნდა შეიქმნას ცალკე მუნიციპალიტეტი, არ შეიძლება ამ მხარეს განვიხილავდეთ მხოლოდ ტურისტულ კონტექსტში და ამ დროს გვავიწყდებოდეს მისი სასაზღვრო როლი, უნდა გავიაზროთ მისი კულტურული და ტრადიციული მდგომარეობაც და ბოლო ბოლო თუ მიზაშეწონილობასაც შევხედავთ, ახმეტის ბიუჯეტის თითქმის 35-40 პროცენტი მოდის ე.წ თუშეთის თემზე. მოდი ობიექტურად შევხედოთ და ვთქვათ, ვინ ზარალდება? რა თქმა უნდა თუშეთის თემი. ხომ არ შეიძლება ერთი კონკრეტული თემის სარჩენი იყოს მთელი რაიონი და თან ამ დროს ეს თემი ამ რაიონს ექვემდებარებოდეს. რამდენიმე სახელმწიფო თუ კერძო პროგრამაც ხორციელდება ამ კუთხის განვითარებისთვის. თუ თუშების ხელში არ იქნება მართვის სადავეები, ძალიან რთული იქნება ამ მხარის განვითარება იმ კუთხით, რასაც სასაზღვრო, ტურისტული, გააზრება ჰქვია’’,- განუცხადა knews.ge-ს ოთარ კვირიკაშვილმა.
ნაციონალურ მოძრაობაში კი ფიქრობენ, რომ ეკონომიკური და სოციალური გაძლიერების გარდა, თუშეთის თვითმმართველი ერთეულის შექმნა მის ტურისტულ პოტენციალს უფრო მეტად გაზრდის. პარტიის ახმეტის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, შაქრო ტერტერაშვილი რეალურად დამოუკიდებელი თვითმმართველობის შექმნას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ტერტერაშვილი გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ თუშეთის სახით ხელისუფლებამ დაუშვას ცალკე თვითმმართველი ერთეულის შექმნა. 
,,თვითმმართველობა უნდა იყოს თუშეთშიც და სხვაგანაც, თუმცა თუშეთი ამ მხრივ კიდევ გამორჩეულია და აქვს დიდი პოტენციალი. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯი, და როგორც სხვა ქალაქებს და სოფლებს თუშეთს უნდა მისცეს თვითმმართველი ერთეულის სტატუსი. იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქებსაც კი ართმევენ თვითმმართველ სტატუსს, ვფიქრობ ხელისუფლება ამაზე არ წამოვა. მთლიან ჯამში სახელი რა ერქმევა მუნიციპალიტეტი თუ თემი ამას მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ადგილობრივი მნიშვნლობის საკითხები გადაწყვიტონ თავად, სხვა გარეშე პირების ჩარევის გარეშე. თუშეთს აქვს განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი პოტენციალი, ამიტომ თუ სადმე ნაბიჯი უნდა გადაიდგას თვითმმართველი ერთეულების შექმნისკენ, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი უნდა იყოს თუშეთი. ტურისტული კუთხითაც აქვს დიდი პოტენციალი. ეს ადამიანები ტრადიციულად მისდევენ მეცხოველეობას, მრავალი საუკუნის განმავლობაში აქვთ თავიანთი ცხოვრების წესი. თუშებს ნამდვილად სწორი ამბიცია აქვთ, რომ იცხოვრონ თვითმმართველ ერთეულში და თავიაანთი პრობლემები გადაწყვიტონ თავად’’,- განუცხადა Knews.ge-ს შაქრო ტერტერაშვილმა.
ადგილობრივი ხელისუფლება კი თუშეთის ცალკე თვითმმართველ ერთეულად ჩამოყალიბებას მხარს არ უჭერს. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბექა ბაიდაური მიუთითებს, რომ თუშეთი ახმეტის მუნიციპალიტეტის შემადგენელი ნაწილია და ასე უნდა დარჩეს.
,,ეს საკითხი არის მთავრობის გადასაწყვეტი, ყველაფერს აქვს თავისი კანონიერი პროცედურები და კანონის შესაბამისად უნდა გადაწყდეს. თუ მოსახლეობის მოთხოვნა სამართლიანია, ამას განიხილავენ შესაბამისი ორგანოები და ამის მიხედვით უნდა გადაწყდეს ეს საკითხი. ჩემი აზრით, ახმეტის მუნიციპალიტეტის განუყოფელი ნაწილია თუშეთი’’,– განუცხადა knews.ge-ს ბექა ბაიდაურმა.
თუშეთის თვითმმართველ ერთეულად ჩამოყალიბების განხილვის საკითხი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში ჯერჯერობით არ დგას.