თელავის ყოფილი გამგებლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავება თელავის რაიონის სოფელ კასისხევში განხორციელდა. უწყების ცნობით, მამაკაცი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მისი პირადი ჩხრეკისას მაკაროვის ტიპის პისტოლეტი ამოიღეს.
მომხდარზე გამოძიება დაუწყო სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის, გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ვასილ დავითაშვილი საკუთარი სახლის ეზოში გუშინ დაჭრეს. მას ჭრილობები ფეხის არეში აქვს მიყენებული. დავითაშვილს მკურნალობის კურსი თელავის რაიონულ საავადმყოფოში უტარდება. მედიკოსების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.