კახეთში ჩქაროსნული რკინიგზისა და აეროპორტის განვითარების საკითხი განიხილება
კახეთში ჩქაროსნული რკინიგზისა და აეროპორტის განვითარების შესაძლებლობა განიხილება.
,,ჩქაროსნულ რკინიგზის კომპლექსური საკითხი დამუშავების ფაზაშია. განიხილება თელავის აეროპორტის შესაძლებლობების გაზრდაც, რაც ჩარტერული რეისების მიღებას გულისხმობს, თუმცა ამ ეტაპზე გადაწყვეტილება ამ საკითხზე მიღებული არ არის. თელავის აეროპორტი საავიაციო უნივერსიტეტთან არსებული აეროპორტია, სადაც მცირე მოცულობის თვითმფრინავების მიღების საშუალება არის. იქ ამჟამად სასწავლო ტიპის თვითმფრინავები არიან და ფრენებს ასრულებენ. თუმცა, აქ საუბარია სარეაბილიტაციო პროგრამაზე, რომელიც საერთაშორისო მაღალი კლასი თვითმფრინავების მიღების საშუალებას მოგვცემს”, – ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.
გუბერნატორის ინფორმაციით, კახეთი შესაძლოა, ტურისტებისთვის ცალკე რეგიონად გამოცხადდეს და მას განვითარების ახალი სტიმული მიეცეს.
,,აქტიურად ვმუშაობთ, კახეთისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებების გაძლიერებაზე. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება რეგიონებში ტურიზმის განვითარებაა. რეგიონში ჩვენი მთავარი მიმართულებაა ეკონომიკური აქტიურობისა და ინვესტიციების გაზრდა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რამაც უნდა შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, ეს კი გარკვეულწილად სოციალური კუთხით არსებული პრობლემების მოგვარებასაც შეუწყობს ხელს“, – განუცხადა knews.ge-ს ირაკლი ქადაგიშვილმა.