კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა 1-ლი აპრილიდან დაიწყებს ფუნქციონირებას
როგორც სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის „დელტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელმა გიორგი კალატოზიშვილმა knews.ge–ს განუცხადა, სარაკეტო დანადგარები კახეთში 600 ათას ჰექტარ მიწის ფართობს სტიქიისგან დაიცავს. მისივე ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით განთავსებულია სარაკეტო–საცეცხლე 83 წერტილი, რომელიც სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის შემადგენელი კომპონენტია.
„სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა ზარალს დაახლოებით 95%–ით ამცირებს. 1 აპრილს იწყება სეტყვის სეზონი და შესაბამისად ამ სისტემის დანადგარი, რომელიც კახეთის რეგიონის მასშტაბით 83 წერტილშია განთავსებული, იქნება სრულ მზადყოფნაში. სარაკეტო დანადგარები სტიქიური უბედურებისაგან დაიცავს რეგიონის მასშტაბით 600 ჰექტარ მიწის ფართობს, სადაც სახნავ–სათესი მიწების გარდა, შედის არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწებიც“, – განუცხადა knews.ge–ს გიორგი კალატოზიშვილმა.