სტატიები

2017 წლის არჩევნებზე თელავში მერს სავარაუდოდ აღარ აირჩევენ

აღნიშნულ საკითხზე საქართველოს მთავრობის წევრები საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციებს აწარმოებენ. ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს მკვეთრად უარყოფითად აფასებს და სავარაუდო ცვლილებას პოლიტიკურ მოტივაციას უკავშირებს. მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ მერის პოსტის გაუქმების შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის დეცენტრალიზაციის განხორციელება კიდევ უფრო გართულდება. თელავის მერი კი საკიღხის კომენტირებას თავს არიდებს და ტრადიციულად ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექში შეტანილი ცვლილებების შემდეგ 2014 წელს თელავმა მერი არჩევნების ისტორიაში პირველად აირჩია, თუმცა რეფორმიდან სამი წლის თავზე ქალაქის მოსახლეობას უმაღლესი თანამდებობის პირის არჩევის შესაძლებლობა სავარაუდოდ აღარ ექნება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს სავარაუდოდ საქართველოს მთავრობა მიმართავს. პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა მიიჩნევს, რომ თვითმმართველი ქალაქების სავარაუდო შემცირებით საბიუჯეტო სახსრები დაიზოგება. მმართველ გუნდში ირწმუნებიან, რომ კოდექსში ცვლილებების შეტანამდე რეგიონებში ინიციატივის სახალხო განხილვა გაიმართება. 
„აქ არის რამდენიმე კომპონენტი, რომელიც უნდა იქნას გათვალისწინებული. ჩვენ ვსაუბრობთ უფლებამოსილების გადანაწილებაზე და ამავე დროს იმ ფინანსურ მხარეზე, რომელიც ხარჯებს უკავშირდება. ამ საკითხს კომპლექსურად უნდა შევხედოთ და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება“, – აღნიშნავს კახა კუჭავა. 
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნებისათვის მზადება უკვე დაიწყო და თვითმმართველი ქალაქების შემცირებით მმართველი ძალა ნაკლები ფინანსური რესურსის გამოყენებას გეგმავს. ყოფილი სახელისუფლებო პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ბოტკოველი ფიქრობს, რომ თელავის მერიის გაუქმების შემთხვევაში თვითმმართველობის სისტემა მთლიანად ჩამოიშლება. 
„იმის მაგიერ, რომ ხელისუფლებამ რეალური თვითმმართველობის შექმნისთვის იზრუნოს, რათა ადგილზე მიიღებოდეს გადაწყვტილებები, პირიქთ ხდება. ხელისუფლება ხან ქმნის „თვითმმართველ“ ერთეულებს, ხან აუქმებს. ეს არის ხელისუფლების უგუნურობა. თელავის მერიას საქმეების კეთებით არც ეხლა მოუკლავს თავი, მაგრამ მისი ლიკვიდაციით მივიღებთ სრულად ჩამონგრეულ სისტემას. რეალური თვითმმართველობა არ არსებობს იმ პირობებშიც კი, როდესაც ქალაქს ჰყავს მერი და თემს გემგებელი. ხელისუფლებას სურს შექმნას მასზე მორგებული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მის გამარჯვებას არჩევნებში, მაგრამ ამას ვერ შეძლებს. ხელისუფლების წევრები ამბობენ, რომ თვითმმართველი ერთეულების შემცირებით საბიუჯეტო სახსრებს ზოგავს. ეს არგუმენტი დამაჯერებლობას მოკლებულია“, – განუცხადა knews.ge–ს გიორგი ბოტკოველმა. 
პოლიტიკური მოტივაციის გარდა, დეცენტრალიზებული მმართველობის მკვეთრად დასუსტებაში დარწმუნებულია მესამე სექტორი. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარისთვის გაუგებარია ხელისუფლების არგუმენტი. კოტე კანდელაკი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში ნეგატიურ მოსალოდნელ შედეგებზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ როგორც ქალაქში ისე თვითმმართველ თემში განხორციელდება გაცილებით ნაკლები პროექტი, რაც მის განვითარებაზე მკვეთრად ნეგატიურად აისახება. 
„სანამ ნაციონალური მოძრაობა მოვიდოდა ხელისუფლებაში, 100–ზე მეტი თვითმმართველი ერთეული იყო და როდესაც ეს პოლიტიკური ძალა მოვიდა ქვეყნის სათავეში, 64 მუნიციპალიტეტი დატოვა. „ნაციონალური მოძრაობის“ დაშვებულ შეცდომებს იმეორებს ეს ხელისუფლება. გაუგებარია ხელისუფლების არგუმენტი, რომ 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებით იზოგება საბიუჯეტო სახსრები. მაშინ ყველა თვითმმართველი ერთეული გავაუქმოთ, იყოს მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლება და საბიუჯეტო სახსრები გაცილებით მეტად დაიზოგება. ამ ლოგიკით საკმარისია ცენტრალური ხელისუფლება და ზოგადად დემოკრატია ძვირი სიამოვნებაა. ქალაქ თელავისა და თემის გაერთიანების შემთხვევაში ცუდ შედეგს მივიღებთ. ეს ფაქტორი ქალაქსა და სოფლებში შეაფერხებს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. თელავის მერიის გაუქმების შემთხვევაში ადგილობრივ ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება ქალაქისა და სოფლის განვითარებისათვის თანაბარი თანხის გამოყოფა“, – განუცხადა knews.ge–ს კოტე კანდელაკმა. 
სამოქალაქო სააგენტოს აღმასრულებელი დირექორი ზვიად დევდარიანი ფიქრობს, რომ კანონში ცვლილების შეტანის შემთხვევაში თვითმმართველობის განხცორციელების პროცესში მოსახლეობის ჩართულობა უფრო გართულდება, რაც ადგილობრივი დემოკრატიის ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება. 
„თუ ეს ცვლილება განხორციელდება, არ ვიცი ხელისუფლება რით დაასაბუთებს ამ მიმართულებით უკან გადადგმულ ნაბიჯს. მოლოდინი იყო, რომ ტერიტორიული ოპტიმიზაციის, ასევე, ფინანსური დეცენტრალიზაციის მიმართულებით კიდევ უფრო წინ გადაიდგმებოდა ნაბიჯი. თუ ეს ღონისძიებები განხორციელდებოდა, თვითმმართველობა კიდევ უფრო დაახლოვდებოდა მოსახლეობასთან. ამ შემთხვევაში კი თუ მაგალითად თვითმმართველი ქალაქი თელავი გაუქმდება, ქალაქის განვითარების პროცესში მოსახლეობის ჩართულობის მექანიზმი დაიკარგება. რეფორმის მეოთხე წელს პროცესი მიდის არა დეცენტრალიზაციისკენ, არამედ ცენტრალიზაციისკენ“, – განუცხადა knews.ge–ს ზვიად დევდარიანმა. 
ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 12 თვითმმართველი ქალაქია. თელავის გარდა, მერს 2017 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე სავარაუდოდ ახალციხის, ოზურგეთის, გორის, ამბროლაურის, მცხეთისა და ზუგდიდის მოსახლეობა აღარ აირჩევს.