სტატიები

22 წლის სტუდენტმა სოფელ ბაკურციხეში მწყრების ფერმა გააშენა

ნინო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მე-5 კურსის სტუდენტია, თუმცა ამბობს, რომ სწავლა მცირე ბიზნესის წარმოებაში ხელს არ უშლის. 
ნინო წინწალაშვილს მწყრის ბიზნესის წარმოების იდეა რამდენიმე წლის წინ მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ფრინველის კვერცხის უნიკალური თვისებების შესახებ ინფორმაცია შემთხვევით ინტერნეტში ნახა. წინწალაშვილს ფერმაში 600-მდე მწყერი ჰყავს. ფერმა სპეციალური გალიებით, ინკუბატორით, წყლის ნიპელებით და სხვა საჭირო ტექნიკით არის აღჭურვილი.
,,მწყრის ბიზნესის წარმოებაში პროგრამა “აწარმოე საქართველოში” დამეხმარა. მათ დამაფინანსეს 5 000 ლარით. დაფინანსებამდე რამდენიმე თვით ადრე მე უკვე მყავდა რამდენიმე ათეული მწყერი. მას შემდეგ რაც, დავრწმუნდი, რომ ინტერნეტში წაკითხული “ჯადოსნური” თვისებები მწყრის კვერცხის შესახებ მითი არ იყო, გადავწყვიტე ამის შესახებ ყველასთვის გამეგებინებინა. დავწერე ბიზნეს გეგმა და რამდენიმე ეტაპზე გადასვლის შემდეგ დამაფინანსეს. ფერმაში ზაფხულობით 500-600 ცალი მწყერი მყავს. ზამთარში მათი შენახვახვა, რეალიზაცია ძნელია და ამ პერიოდში მათი რაოდენობა 60- დან 80-მდე მერყეობს“, – განუცხადა Knews.ge–ს ნინო წინწალაშვილმა. 
ახალგაზრდა მეწარმე მწყრის კვერცხის უნიკალურ თვისებებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი მტკიცებით, მწყრის კვერცხის შემადგენლობაში რამდენიმე სახის ვიტამინი შედის და მას სამკურნალოდ დიაბიტით და სხვა დაავადებებით ინფიცირებული ადამიანები იყენებენ. 
„მწყრის კვერცხი ქიმიური შედგენილობით ქათმის კვერცხებისგან მაინცდამაინც არ განსხვავდება, მაგრამ გაცილებით მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, უფრო კალორიული და სასარგებლოა და რაც მთავარია, სამკურნალოა. 100 გრამი მწყრის კვერცხი დაახლოებით 170 კკალ-ს შეიცავს. ცხიმი მასში უფრო მეტია, ვიდრე ცილა, ხოლო ამ ცხიმის ნაწილი უჯერი ცხიმოვანი მჟავაა. ქიმიური შემადგენლობის კუთხით აღსანიშნავია A და B ჯგუფის ვიტამინები, განსაკუთრებით — ქოლინი, ასევე — რკინა, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, გოგირდი, ფოსფორი, ქლორი, კობალტი, მანგანუმი, სპილენძი, მოლიბდენი და ქრომი. მწყრის კვერცხის ცილა მდიდარია შეუცვლელი ამინმჟავებით. A ვიტამინი მასში 2,5- ჯერ მეტია, ვიდრე ქათმის კვერცხში. გაცილებით მეტია აგრეთვე ფოსფორი, კალიუმი, რკინა, კობალტი და სპილენძი. ხშირად მიკავშირდებიან დიაბეტით დაავადებულები, ძვლის დაავადების მქონე ადამიანები (კვერცხის ნაჭუჭიც იჭმება და კალციუმის დიდი შემცველობით გამოირჩევა) ასევე დედები რომელთა შვილებიც დროულად ვერ იწყებენ ლაპარაკს. მე მიხარია რომ შემიძლია მათი დახმარება. მაქვს FB გვერდი ” ქართული მწყერი”,- აღნიშნავს წინწალაშვილი.
ახალგაზრდა მეწარმე მწყრის ხორცს რეგიონის მაღაზიებსა და რესტორნებში ყიდის. ნინო ამბობს, რომ მწყრის კვერცხზე მოთხოვნა ნაკლებია, რადგან მის თვისებებზე მოსახლეობის მცირე ნაწილია ინფორმირებული, ამიტომ პროდუქტს ყიდულობენ ის პირები, რომლებიც კვერცხს სამკურნალო მიზნით იყენებენ. 
„პირველ ეტაპზე მწყრის ხორცი და კვერცხი ჩემს სოფელში და სხვა მუნიციპალიტეტების მაღაზიებში შევიტანე. მწყრის ხორცი დიეტური პროდუქტია და გემოთიც გამოირჩევა, მსურველიც ბევრია და მოთხოვნაც დიდია. მწყრის კვერცხი კი ნაკლებად იყიდება, რადგანაც მოსახლეობაში ინფორმაცია ამ საოცარი პროდუქტის შესახებ ნაკლებია“, – ამბობს ფერმერი. 
ნინო წინწალაშვილს ბიზნესის გაფართოებას გეგმავს. ახალგაზრდა მეწრამე პროდუქტის შეტანას თბილისის მაღაზიებში გეგმავს, თუმცა მიზნის განსახორციელებლად სჭირდება მანქანის მაცივარი, რომლის ყიდვის შესაძლებლობაც ამ ეტაპზე არ აქვს.