სტატიები

ფერმერები აგროქიმიკატების უხარისხობასა და გაძვირებაზე ჩივიან

,,ჯერ ერთხელ შევწამლე ატამი, სულ ალბათ 6 წამლობა დასჭირდება. თითოეული წამლობის პროცედურა 70 ლარზე მეტი მიჯდება, ეს ტრაქტორის გარეშე. ტრაქტორის მეშვეობით შეწამლა კი წელს 80 ლარამდე ჯდება, გასულ წელს 50–60 ლარი იყო. მხოლოდ შეწამლა ხომ არ არის. სხვა სამუშაოებიც საჭიროა, მაგალითად ნაკვეთების დამუშავება, სოფელში საქმეს რა გამოლევს”, – ამბობს გურჯაანში მცხოვრები ფერმერი ვანო ბერიაშვილი.

აგროქიმიკეტების გაძვირების გარდა, ადგილობრივები უხარისხო პესტიციდებზეც საუბრობენ და მთავრობას მასზე კონტროლის გამკაცრებას სთხოვენ. მათი ინფორმაციით, ვენახის შესაწამლი უხარისხო პესტიციდების გამო გასულ წელს მოსავლის 80% განადგურდა.

,,ჩვენი ერთ–ერთი დიდი პრობლემა არის ის, რომ შემოდის უხარისხო შხამქიმიკატები. ჩვენ ამას ვერ გავუმკლავდებით და ვერ შევძლებთ, რომ თავად შევამოწმებინოთ წამალი და ისე ვიყიდოთ, რადგან ადგილზე ლაბორატორიები არ არის. მე გასულ წელს 12–ჯერ შევწამლე ვენახი, მაგრამ უხარისხობის გამო მეც და ბევრ სხვა მევენახესაც გაგვინადგურდა მოსავლის 80%’’, – განუცხადა ,,knews.ge”-ს გურჯაანის მკვიდრმა ოთარ რუაძემ.

სოფელ ახაშენში მცხოვრებ ნიკოლოზ გილიგაშვილსაც ხუჭუჭამ ატმის ბაღის 90% დაუზიანა. გილიგაშვილის ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ატმის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხაა. ფერმერმა მოსავლის გადასარჩენად ატმის ბაღი სამჯერ შეწამლა, თუმცა უხარისხო აგროქიმიკატების გამო დაავადება მაინც გავრცელდა. 

,,ატმის გადასარჩენად ყველანაირი საშუალება ვცადე, მაგრამ არაფერი ეშველა. 90% დაზიანდა და ნაყოფიც გასცვივდა. დაზიანებული ფოთოლი აღარ აღდგა. მე და ჩემი მეუღლე მარტოხელები, მოხუცებულები ვართ. 82 წლის ვარ და ჩვენი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, რომელიც წამლებისთვის არ გვყოფნის,’’– აცხადებს ნიკოლოზ გილიგაშვილი.

ფერმერები ხელისუფლებას აგროქიმიკატების ვარგისიანობის კონტროლს სთხოვენ, რათა შესაწამლი პროცედურების შემდეგ გლეხი დაცული იყოს მოსავლის დაზიანებისგან. წელს სპეციალისტები 300–მდე დასახელების პესტიციდის ლაბორატორიულ კვლევას გეგმავენ. როგორც knews.ge–ს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ზურაბ ლიპარტიამ განუცხადა, 2012 წლიდან აგროქიმიკატების ხარისხის და სპეციალიზებული მაღაზიების მკაცრი კონტროლი მიმდინარეობს.

,,ჩვენი მონაცემებით, კახეთის რეგიონში ფუნქციონირებს 92 მაღაზია, სადაც აგროქიმიკატები და პესტიციდები იყიდება. ძირითადად ვიღებთ საეჭვო წარმომავლობის პესტიციდების ნიმუშებს და მათ ლაბორატორიულად ვამოწმებთ. შარშან მოსავლის განადგურების ფაქტი შეიძლება დავაბრალოთ აგროქიმიკეტების უხარისხობას, მაგრამ პრობლემა შექმნა იმანაც, რომ წვიმების გამო ფერმერებმა და გლეხებმა ვერ მოახერხეს აგროვადებში მოსავლის შეწამვლა.  პრობლემის მოსაგვარებლად ვაპირებთ, გავაძლიეროთ კონტროლი და ნიმუშების აღება,’’– განუცხადა knews.ge–ს ზურაბ ლიპარტიამ.

ფერმერებს მიწის დამუშავების პრობლემებიც ექმნებათ. ისინი ირწმუნებიან, რომ გასულ წელთან შედარებით გაიზარდა მიწის დამუშავების ღირებულება, რომელიც 300 ლარზე მეტი ჯდება. 

,,წელს, მიწის დამუშავება 300 ლარამდე მიჯდება. ამ თანხაში არ შედის სასუქისა და აგროქიმიკატების ღირებულება. მიწა რომ არ დავამუშავო, სოფელში თავი როგორ გავიტანოთ. ძალიან ბევრი პრობლემაა მოსაწესრიგებელი, პესტიციდები რაც შარშან გამოვიყენე, უხარისხო გამოდგა, მთელი მოსავალი წყალში ჩაიყარა, ჩემს შრომას ვინ ჩივის. მაგის გარდა, სარწყავი სისტემის საკითხებია მოსაწესრიგებელი. მოყვანილი პროდუქტების გასაღების ბაზრები და სხვა”, – აცხადებს დედოფლისწყაროს მკვიდრი ჟენია წიკლაური.