ახალი ამბები

OXFAM – საქართველოში ყველა სახის პროდუქტის წარმოება დაბალია

კვლევის თანახმად, საქართველოში ერთწლიანი კულტურების მოსავალი ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალია.
OXFAM–ის ინფორმაციით, საქართველოში 2013 წელს ხორბლის საშუალო მოსავალი ერთ ჰექტარზე 1.8 ტონას შეადგენდა, ქერის კი – 1.3 ტონას, რაც 1970 წლის საშუალო დონესთან შედარებით ჯერ კიდევ დაბალია. კარტოფილის მოსავალი ერთ ჰექტარზე 11.3 ტონა იყო, ბოსტნეულის – 8.3 ტონა, მწვანილის კი 3.9 ტონა.
,,მცირე მეურნეებს სუსტი პოზიცია უკავიათ ნებისმიერ ფორმალურ თუ არაფორმალურ ბაზარზე. უფრო მეტიც, ისინი გარკვეულ სირთულეებს აწყდებიან არაფორმალურ ბაზრებზე ხელმისაწვდომობის დროსაც კი. შესაბამისად, ისინი ვერ ახდენენ გავლენას ფასებზე, რისთვისაც საჭიროა საპასუხო პოლიტიკის შემუშავება. იმპორტზე დამოკიდებულება სხვადასხვა საკვები პროდუქტის შემთხვევაში მკვეთრად განსხვავდება. 2014 წელს ადგილობრივად წარმოებულმა ხორბალმა, რომელიც მოსახლეობის კვების რაციონის 41%-ს შეადგენს, მოთხოვნის მხოლოდ 8% დაფარა. ხორბლის იმპორტი ძირითადად რუსეთიდან, ბოლო დროს კი უკრაინიდან ხორციელდება.
სხვა სურსათის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლი საკმაოდ მაღალია: მაგალითად, სიმინდზე – 92%, კარტოფილზე – 89%, ბოსტნეულზე – 70%, კვერცხზე – 96% და რძის პროდუქტებზე (2012 წლიდან) – 92%. ბოსტნეულის უმრავლესობა იმპორტირებულია თურქეთიდან. მეორე მხრივ, ხორცის თვითუზრუნველყოფის დონე ძალიან დაბალია და შეადგენს 41%-ს. მთლიანობაში ევროკომისიისათვის მომზადებული შეფასების მიხედვით, ვაშლის მოსავალი ხშირად ჰექტარზე 3 ტონას არ აღემატება, მაგრამ თუკი წარმოების პრაქტიკა გაუმჯობესდება და გარკვეულ საწარმოო რესურსში ინვესტირება განხორციელდება, შესაძლებელია მოსავლის გაზრდა ჰექტარზე დაახლოებით 20 ტონამდე”, – ნათქვამია Oxfam-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.