ახალი ამბები

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, 15-მდე პირი რამდენიმე დემონსტრანტს ფიზიკურად გაუსწორდა

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, გმირთა მოედანზე გაურკვეველი პირები რამდენიმე დემონსტრანტს თავს დაესხნენ.

როგორც ერთ-ერთი აქციის მონაწილე აცხადებს, 15-მდე სპორტული აღნაგობის პირს ნიღბები ეკეთათ და მათი იდენტიფიცირება ვერ შეძლეს.

როგორც აქციის მონაწილე აცხადებს, პირები, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ, უყვიროდნენ – „რატომ ხართ აქციაზე“.

„ზონდერები იყვნენ. სამი მანქანა იყო მოსული, რომლებიც სასტიკად გაგვისწორდნენ. ფეხებით შეახტნენ ყველას. უცებ გამოჩნდა 10-15 მოჭიდავე, ყველა იყო სპორტული აღნაგობის. ერთი ბიჭი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, სასწრაფოს მანქანაშია. კინაღამ მოკლეს“, – განაცხადა ერთ-ერთმა დაშავებულმა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედანზე ამ დროისთვის რჩებიან.