სტატიები

ბუნებრივი აირი შესაძლოა, 10 თეთრით გაძვირდეს

 ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის გოჩა შონიას ინფორმაციით, საყოფაცხოვრებო სექტორში გაზის ტარიფების სრულ რეგულირებაში დაბრუნების საკითხი განიხილება. 
,,ჩვენი მიზანია, რომ სამომხმარებლო სექტორში დარეგულირების მექანიზმი გაუქმდეს. შესაბამისად, კომისია ყველა კატეგორიის მომხმარელებს დაუდგენს ტარიფს, რაც იქნება ერთი მთლიანი რეგულირებული სექტორი. საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ერთნაირი განაკვეთის წესი იმოქმედებს”, – აცხადებს შონია.
არის შესაძლებლობა იმისა, რომ გაზის ტარიფები გაიზარდოს, თუმცა დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემაც განაცხადა. 
„ის მეთოდი, რომ მოხდეს კონკრეტული ადამიანების სუბსიდირება ბიუჯეტიდან, ევროპულ ქვეყნებშიც მისაღები ფორმაა, შესაბამისად, შეიძლება განვიხილოთ იმ შემთხვევაში, თუ ტარიფის მატება იქნება ბუნებრივ აირზე. მე არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად იქნება, ამას მარეგულირებელი დაადგენს. იმ შემთხვევაში თუ იქნება, შესაძლებელია ვისაუბროთ მიზნობრივ სუბსიდირებაზე, როგორც ეს ელექტრონერგიის ნაწილში გვაქვს“, – განაცხადა კალაძემ.
ენერგეტიკოსების ნაწილი ეთანხმება სემეკის მოსაზრებას დერეგულაციის გაუქმების თაობაზე. რეზო არველაძეს განცხადებით, გაზის ტარიფების სრული რეგულირება სახელმწიფოს მხრიდან გონივრული გადაწყვეტილება იქნება.
,,ტარიფში მცირეოდენი ცვლილებაც კი, თუ ის გაძვირებისკენაა მიმართული, უარყოფით განწყობას იწვევს მომხმარებელში. ცხადია, ეს არ არის სასიამოვნო, მით უმეტეს, როდესაც ქვეყანაში სოციალური ფონი ისედაც მძიმეა. დეტალებში გარკვეული არ ვარ, კონკრეტულად რა დოზით გაიზრდება გადასახადი, ჩემთვის უცნობია. უნდა ვივარაუდოთ, რომ შეიცვლება გადასახადი ძველი აბონენტებისთვის და დიდი ალბათობით გაიზრდება. ერთი კომპონენტია ლარის კურსი, მაგრამ, ცხადია, უკვე განხორციელებულ ინვესტიციებსა და სამომავლო ხარჯებსაც გაითვალისწინებენ”, – აცხადებს ენერგეტიკოსი რეზო არველაძე.
2016 წლის 1 აპრილიდან ,,ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯიამ’’ თელავში ბუნებრივი აირის საფასური 11 თეთრით გააძვირა. ქალაქ თელავსა და თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 7 000-მდე აბონენტი ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე 59 თეთრს იხდის.
კომპანია „ვისოლის“ გაზის დისტრიბუციის თელავის სერვისცენტრის დირექტორი დავით ჯირმიზაშვილი Knews.ge-სთან აცხადებდა, რომ ბუნებრივ აირზე ტარიფის გაზრდა შეეხება მხოლოდ იმ აბონენტებს, რომლებმაც გაზი საცხოვრებელ სახლებში 2008 წლის აგვისტოში შეიყვანეს. მისი თქმით, გაზის გაზრდილი საფასური დოლარის კურსის ცვლლებას უკავშირდება და კომპანიამ ეს გადაწყვეტილება იძულებით მიიღო. 
,,კომპანია იძენს გაზს დოლარებში დაფიქსირებული ფასით და ლარის კურსის გაუარესების გამო მისი მიწოდება მომხმარებლებზე გვიწევს შესაძენ ფასზე ნაკლებ ფასში, რაც პირდაპირ გვაზარალებს. მაქსიმალურად ვიკავებდით თავს ამ ნაბიჯისგან, მიუხედავად იმისა, რომ ლარის კურსის გაუარესება გრძელდება უკვე 1 წელზე მეტია. ტარიფის გაზრდა აბონენტების ამ ჯგუფისათვის არ ემსახურება რაიმე მოგების მიღებას, ეს აუცილებელი და იძულებითი ნაბიჯია, რათა ელემენტარულად ტექნიკური პერსონალის ხელფასები გაიცეს და უზრუნველყოფილ იქნას გამანაწილებელი ქსელის უსაფრთხო ექსპლოატაცია, მიმდინარე რემონტი, მომსახურება და სხვა აუცილებელი ღონისძიებები, რომელთა გარეშე შეუძლებელია მსგავსი საქმიანობის განხორციელება”,– განმარტავდა ჯერ კიდევ გასულ წელს Knews.ge-ს დავით ჯირმიზაშვილი.
მოსახლეობა knews.ge-სთან აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ბუნებრივ აირზე გადასახადი კიდევ გაიზრდება, ისინი გადასახადის გადახდას ვერ შეძლებენ.
,,ჯერ ხომ 1 წელიც არ არის გასული რაც 11 თეთრით გააძვირეს გაზის ტარიფი. ეხლა კიდევ აცხადებენ, რომ უნდა მოიმატოს ფასმა. რატომ არ ფიქრობენ ხალხი ამას როგორ გადაიხდის. როგორ შეიძლება ამდენი გადასახადების გასტუმრება მაშინ, როდესაც უმუშევრობა და მძიმე სოციალური ფონია, ხალხზე რატომ არ ფიქრობენ?”, – ამბობს ლაურა თევდორაძე.
ამ ეტაპზე, უცნობია რამდენი თეთრით მოიმატებს ბუნებრივი აირის გადასახადი. სავარაუდოდ, ეს ციფრი 10 თეთრს შეადგენს.