სტატიები

შეტევა ადგილობრივ მედიაზე – თელავის მედია კაფე დაიხურა

თელავის მერიასთან ორწლიანი მოლაპარაკების მიუხედავად, თვითმმართველმა ერთეულმა რედაქციას აღარ გაუგრძელა იჯარის ხელშეკრულება, რაც ქალაქში კულტურული და სამოქალაქო კერის გაუქმების მიზეზი გახდა. მეოთხე ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან ადგილობრივი მედიის საქმიანობის ხელისშემშლელ ფაქტორებზე ამახვილებენ ყურადღებას და მკვეთრად ნეგატიურად აფასებენ მერიის გადაწყვეტილებას. 
ერეკლე მეორეს 4 ნომერში მდებარე ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის ძველი შენობის ნახევარსარდაფში ამჟამად ისევ გამოუყენებლი სივრცეა, რომელიც რამდენიმე თვის წინ ცნობილ მწერლებს, საზოგადო მოღვაწეებს, საერთაშორისო მედია კონფერენციებს და სხვა კულტურულ–საგანმანათლებლო ღონისძიებებს მასპინძლობდა.

,,გადავარჩინოთ თელავის მედია კაფე,“- ამ სახელწოდების პეტიცია საზოგადოების წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრის სახელზე მოამზადეს, თუმცა მერიამ თელაველების გარკვეული ნაწილის მოთხოვნა არ გაითვლისწინა და მედია კაფეს იჯარის ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა. 
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავჯდომარე რეგიონისათვის ორგანიზაციის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ „მედია კაფეს“ შენარჩუნება აღიშნულ სივრცეში ხელს შეუწყობდა სამოქალაქო საზოგადოების კიდევ უფრო განვითარებას და გააძლიერებდა ადგილობრივ დემოკრატიას. მგელაძის აზრით, მედია კაფეს ფუნქციონირების გასაგრძელებლად მერიას ორგანიზაციისათვის ადექვატური ალტერნატიული ფართი უნდა შეეთავაზებინა. 
„როდესაც ხელისუფლებას დეკლარირებულად აქვს გაცხადებული, რომ იგი მიესალმება თავისუფალი მედიის მუშაობას, ცდილობს მედიის ხელშეწყობას, მსგავს შემთხვევაში ხელისუფლება უნდა იქცეოდეს მედია ორგანიზაციის ინტერესების სასარგებლოდ. თუ კონკრეტული მიზეზების გამო ვერ გაუგრეძლდა მედია კაფეს იჯარის ხელშეკრულება, ხელისუფლებას შესაბამისი, ადეკვატური ალტერნატიული ფართი უნდა შემოეთავაზებინა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონში მსგავსი ცენტრის ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოსაც უსარგებლია თელავის მედია კაფეს სივრცით. საბჭოს წევრებს შეხვედრა გვქონდა ადგილობრივ ჟურნალისტებთან“, – აღნიშნავს გიორგი მგელაძე. 
თელავის მერიის გადაწყვეტილებას გაზეთ „კახეთის ხმის“ საქმიანობის ხელისშემშლელ ფაქტორად მიიჩნევს საინფორმაციო სააგენტო Media.ge–ს რედაქტორი. დავით მჭედლიძე ფიქრობს, რომ მერიამ გაზეთ „კახეთის ხმას“ სირთულეები შეუქმნა, რაც მისი შეფასებით, შემაშფოთებელია. 
„ხელისუფლება მედიას საქმიანობის წარმართვის პირდაპირ უქმნის ბარიერებს. ის ფაქტი, რომ თელავის მერიამ მედია კაფეს არ გაუგრძელა იჯარის ხელშეკრულება, ადასტურებს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას. თელავის მედია კაფესთან ინტეგრირებული იყო გაზეთის რედაქცია. ამ შემთხვევაში კაფის დახურვით ძალიან სერიოზული პრობლემები ექმნება რედაქციის გამართულად ფუნქციონირებას. ფაქტობრივად, მმართველი ძალის მხრიდან ეს ზეწოლად აღიქმება“, – განუცხადა knews.ge–ს დავით მჭედლიძემ.
თელავის მედია კაფის დახურვას ადგილობრივ მედიაზე შეტევად აფასებს რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე ია ბობოხიძე. 
„ძალიან მნიშვნელოვანია მედია კაფეს სამოქალაქო და საზოგადოებრივი როლი. მან ფანჯარა გახსნა თელავში ახალგაზრდებისათვის, სტუდენტებისათვის და იმ სეგმენტისათვის, ვისაც ჰქონდა შეზღუდული დისკუსიის, მსჯელობის, სამოქალაქო აქტიურობის შესაძლებლობა. ასეთი სივრცე საქართველოში იშვიათია. მედია კაფეს ხელშეშლა და დაზარალება კი არა, არამედ განვითრება უნდა იყოს ყველა ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი. თელავის მერიის ეს გადაწყვეტილება არის ადგილობრივ მედიაზე შეტევა. სამწუხაროდ, ეს არ არის მედიის საქმიანობის ხელისშეშლის ერთადერთი ფაქტი“, – განუცხადა knews.ge–ს ია ბობოხიძემ. 
თელავის მერიაში კი მედიაზე რაიმე სახის ზეწოლას გამორიცხავენ და მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მედია კაფეს იჯარის ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდა, სამხატვრო სკოლის ფართის სიმცირეს უკავშირებენ. ვიცე მერი თენგიზ მთვარელიშვილი ირწმუნება, რომ სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელობა აღნიშნული ფართის გადაცემას საგამოფენო სივრცის მოსაწყობად ითხოვს და მერია ვალდებულია, საგანმანათლებლო დაწესებულების მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
,,სამხატვრო სკოლას სჭირდება მეტი სივრცე გამოფენებისთვის. მედია კაფეს ხელმძღვანელისადმი და საქმისადმი პატივისცემის მიუხედავად, რომელსაც იგი აკეთებს, ცხადია თელავის მერია წინ აყენებს თავისი სასახურის მიზნებს. ამ შემთხვევაში საუბარია ქალაქ თელავის სამხატვრო სკოლის შემდგომ განვითარებაზე. უშუალოდ ა(ა)იპ–ის ხელმძღვანელის პოზიციაა, რომ მას სწორედ ამ მიზნებისთვის სჭირდება ფართი“, – განმარტავს თენგის მთვარელიშვილი.
გაზეთ „კახეთის ხმის“ დამფუძნებლის შეფასებით, დამაჯერებლობას მოკლებულია შენობიდან „მედია კაფეს“ გაყვანის არგუმენტი. მაია მამულაშვილის ინფორმაციით, შპს „კახეთის ხმასთან“ 2011 წლის 8 დეკემბერს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების თანახმად, სამხატვრო სკოლას გამოფენებისა და ღონისძიებებისათვის უფლება აქვს გამოიყენოს იჯარით გაცემული ქონება, თუმცა „მედია კაფეს“ ხელმძღვანელობის არაერთი შეთავაზების მიუხედავად საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინიტრაციას 5 წლის განმავლობაში არასდროს არ უსარგებლია აღნიშნული ფართით. მამულაშვილი ირწმუნება, რომ შენობიდან რედაქციისა და მედია კაფეს გასახლებას ხელისუფლებასთან დაახლოვებული პირები ჯერ კიდევ 2013 წლიდან ითხოვდნენ. 
„სწორედ ეს მაფიქრებინებს, რომ ამ საკითხის მიღმა დგას სხვა ინტერესი. კერძოდ, არა ბავშვები და ფართის სიმცირე გამოფენებისთვის, არამედ ხელისუფლების ინტერესი. სწორედაც რომ სახეზეა ხელისუფლებასთან დაახლოვებული პირების გამოკვეთილი ინტერესი, ერთი მხრივ, შენობის მიმართ, ხოლო მეორე მხრივ, ნათელია დამოუკიდებელი მედიის მუშაობის შეზღუდვის მცდელობაც. ჩვენი რედაქციისათვის მედია კაფე დამატებითი შემოსავლის წყარო იყო. 2013 წლიდან ხელისუფლებასთან დაახლოვებული პირები არაერთხელ ახდენდნენ ზეწოლას. კახეთის ყოფილ გუბერნატორთან, ირაკლი შიოლაშვილთან დაახლოვებული პირი გიორგი მოსიაშვილი ბოლო რამდენიმე წელია მიზანმიმართლად ცდილობდა გამოცემის დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენს საქმიანობას“, – ამბობს მაია მამულაშვილი. 
თელავის მედია კაფე 2012 წლის ნოემბერში საერთაშორისო დონორების: ფონდ „ღია საზოგადოება საქართველს“ და IREX – ის მხარდაჭერით დაარსდა. 
დამფუძნებლებმა მიტოვებული და ნაგვით სავსე სარდაფი გაასუფთავეს, ფართი გაარემონტეს და იქ კაფე მოაწყვეს. ძველი შენობის თაღებიან დარბაზში განთავსებული Media Cafe მომხმარებელს წიგნებსა და ჟურნალ-გაზეთებს, ტკბილეულსა და ყავას სთავაზობდა. მისი სივრცე ეთმობოდა სადისკუსიო შეხვედრებს, სემინარებსა და კინო-ჩვენებებს, ამავე დროს, მედია კაფეში ინტეგრირებული იყო გაზეთი „კახეთის ხმის“ რედაქცია. მედია კაფემ უმასპინძლა ცნობილ მწერლებს, საზოგადო მოღვაწეებს, მოაწყო სხვადასხვა ავტორთან შეხვედრა, კინო ჩვენება თუ დისკუსია.

მედია კაფეში, ასევე, გაიმართა 500-ზე მეტ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება, 4 საერთაშორისო მედია კონფერენცია. მედია კაფეში 2014 წლიდან ფუნქციონირებდა ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის „თელავის გენდერის მედიაცენტრი“, რაც ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის შესახებ საზოგადოებისინფორმირებას, საინფორმაციო კამპანიების წარმართვას და მოქალაქეთა ჩართულობას. Media Cafe-დან მიღებული შემოსავლები გაზეთ „კახეთის ხმის“ განვითარებას ხმარდებოდა.