პოლონური საწველი სისტემა და ელექტრომწყემსი – ინოვაციებით მოწყობილი ფერმა ყვარელში

მან შპს „აგროტეკი“ ჩამოყალიბა და „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში „ლიბერთი ბანკიდან“ აღებული 185 ათასი აშშ დოლარის სესხით კომპანიამ 50 სული ძროხა და თანამედროვე პოლონური საწველი სისტემა შეიძინა. კომპანიას, ასევე, საკუთრებაში აქვს 13 ჰექტარი მიწის ფართობი, სადაც ხორბალი და სიმინდი აქვს დათესილი. მიღებულ მოსავალს საქონლის კვებისთვის იყენებს. 

სოფელ ენისელიდან მოშორებით დაახლოებით 6 კილომეტრში დავით ლეგაშვილის საქონლის ფერმა “შპს აგროტეკი” ფუნქციონირებს. ლეგაშვილმა მესაქონლეობა ოთხი წლის წინ დაიწყო. ფერმერს ჰყავს 50 სული შევეიცარული ჯიშის ძროხა, რომელიც მაღალი წველადობით გამოირჩევა. საქონლის გამოკვება დილის 7 საათიდან იწყება. კომბინირებულ საკვებს, რომლის შემადგენლობაშიც შედის ბალახი, კორმა, სილოსი, სენაჟი, ხორბალი და სიმინდი, ამზადებს სპეციალური დანადგარი. 

“საკვები რომ შეზავდეს, საჭიროა წინასწარ წონა. მყავს 30 მშრალი ძროხა და 50 მეწველი ძროხა. მშრალ ძროხას სხვა რაოდენობის საკვები სჭირდება, მეწველ ძროხას განსხვავებული რაოდენობის საკვები. კუწავს ბალახს, ვყრით სილოსს. ეს დანადგარი წონის, ამ ყველაფერს ერთმანეთში აურევს, გაივლის ფერმაში და ძროხებს უყრის”, – განუცხადა knews.ge-ს დავით ლიგაშვილმა. 

წარმოებაში შპს “აგროტეკი” თანამედროვე პოლონურ საწველ სისტემას იყენებს. დავით ლეგაშვილი სისტემის უნიკალურობაზე მიუთითებს და ამბობს, რომ ძროხების მოწველის პროცესში ადამიანი არ მონაწილეობს, ჰიგიენური პირობები მაქსიმალურად დაცულია და ამავე დროს აღნიშნული აპარატის მეშვეობით შესაძლებელია საქონლის წველადობის დადგენა. კომპანია დღეში დაახლოებით 800 ლიტრ რძეს აწარმოებს, რომელსაც ადგილობრივ მეწარმეებზე ჰყიდის. 

“რძეს წველის დროს ადამიანის ხელი არ ხვდება. ძროხა სუფთად იწველება, რძე უფრო ხარისხინი გამოდის, გადის ფილტრებში და პირდაპირ თავსდება მაცივარში”, – აღნიშნავს დავით ლეგაშვილი. 

“თითოეულ აპარტს ვაერთებთ ძროხას. როდესაც მორჩება წველას, აპარატი აჩვენებს რამდენი მოიწველა”, – ამბობს შპს აგროტეკის თანამშრომელი ნოდარ იოსებაშვილი

“აგროტეკს” საკუთრებაში აქვს 13 ჰექტარი მიწის ფართობი, სადაც ხორბალი და სიმინდია დათესილი. პირუტყვმა რომ მოსავალი არ დააზიანოს, ფერმერს მწყემსის დაქირავება აღარ სჭირდება. ის საქონლის მოსავლელად იყენებს ელექტრომწყემსს. მზის ენერგიაზე მომუშავე აპარატზე შეერთებულია მავთული, რომელიც გარშემორტყმულია გარკვეული ფართობის საძოვარზე. თუკი ცხოველი ტერიტორიის დატოვებას გადაწყვეტს, მას დენი დაარტყამს და უკან გამოაბრუნებს. ბუნებრივია, ელექტროდარტყმა პირუტყვისთვის საზიანო არ არის.

“მწყემსი აღარ არის საჭირო. მზის ბატარეები მუშაობს, შემოღობავ და გაუშვებ ძროხას. საქონელს დილით გარეკავ, საღამოს კი თავად მოდის”, – აცხადებს დავით ლეგაშვილი. 

ამჟამად ფერმაში საწველი დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს. დავით ლეგაშვილი აღნიშნავს, რომ სპეციალურად მოწყობილი შენობა ძროხების მოსაწველად იქნება განკუთვნილი, რაც რძის წარმოების პროცესში ჰიგიენური ნორმების კიდევ უფრო დაცვას განაპირობებს.