ახალი ამბები

მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა აპრილიდან გაგრძელდება

გიორგი გახარია შეხვედრის მონაწილეებს მეწარმეობის მხარდაჭერის კუთხით მთავრობის გეგმების შესახებ ესაუბრა და მათი მოსაზრებები მოისმინა. 

“შეხვედრას ჰქონდა კონკრეტული მიზანი – აპრილში ვიწყებთ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის ახალ ეტაპს და გვინდოდა ამ პროგრამით მოსარგებლე, წარმატებულ ადამიანებთან გვესაუბრა, რათა გაგვეთვალისწინებინა ის შენიშვნები, რომლებიც მათ ჰქონდათ. გვინდა შევქმნათ ერთმანეთთან ურთიერთობის პლატფორმა. ვთვლით და ჩანს კიდეც, რომ ეს იყო ერთ-ერთი წარმატებული პროგრამა ბოლო წლების განმავლობაში, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს გადადგას პირველი ნაბიჯი, აიღოს თავის თავზე მეწარმეობის რისკი და პასუხისმგებლობა, ხოლო შემდგომ წარმატებული მათგანი უკვე ქმნის დამატებით სამუშაო ადგილს და ასაქმებს სხვა ადამიანებს. ეს არის ის მოდელი, რომელიც ჩვენი ეკონომიკის განვითარების საფუძველი უნდა იყოს და რომელმაც წარმატება და სწრაფი განვითარება უნდა მოუტანოს ჩვენ ეკონომიკას”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა „აწარმოე საქართველოში სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი საგრანტო მიმართულებაა, რომელიც ორი წელია საქართველოს რეგიონებში ხორციელდება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დაფინანსებულია 4910 მიკრო და მცირე მეწარმე, გადამზადებულთა 8800 ადამიანი, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 5100 ადამიანს შეადგენს.