სტატიები

კოოპერატივებს ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო საწარმოო დანადგარები გადაეცემათ

როგორც knews.ge–ს კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ განუცხადა, ფერმერებს საშუალება მიეცემათ არა მხოლოდ ყურძნის, არამედ უკვე ღვინის რეალიზაციიდანაც მიიღონ სარგებელი.
სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის დადგენილი პირობების თანახმად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 მეპაიეს.

გარდა ამისა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ან და მის მეპაიეებს საკუთრებაში უნდა გააჩნდეთ არანაკლებ 20 ჰექტარი ვენახი, რომელშიც გაშენებული უნდა იყოს ვაზის შემდეგი ჯიშები: რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ხიხვი, ქისი, ჩინური, ცოლიკაური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური, უსახელოური, მუჯურეთული და წულუკიძის (რაჭული)თეთრა.
,,აღნიშნული პროგრამა მიმდინარე წელს შევიდა ძალაში, რომელიც ითვალისწინებს ყურძნის მიმღები და გადამამუშავებელი საწარმოების შექმნას, რომლის ფარგლებშიც მოხდება მინიმუმ 100 ტონა ყურძნის გადამუშავება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ამ კოოპერატივებს გრანტის სახით გადასცემს სწორედ ასეთი საწარმოს შექმნისთვის საჭირო მოწყობილობებს, ხოლო ფერმერთა კოოპერატივების მხრიდან თანამონაწილეობა უნდა იყოს შესაბამისი შენობა–ნაგებობის აშენება, რომელმაც უნდა დააკმაყოფილოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნები,’’– განუცხადა Knews.ge-ს გიორგი მიშელაძემ.
სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ონლაინ რეჟიმში სააგენტოს ვებ-გვერდის www.acda.gov.ge საშუალებით შეუძლიათ . პროექტის ბიუჯეტი 1 მილიონ ლარს შეადგენს.
,,სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ტექნიკურ დახმარებასაც, რომლის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ჩაუტარდებათ სწავლება, ღვინის საწარმოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ და მეთოდოლოგიურ საკითხებზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებთან დაკავშირებით და სხვა. მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა საპილოტე პროექტია, რომლის ფარგლებში გაიცემა არანაკლებ 3 ერთეული საწარმოსათვის საჭირო აღჭურვილობა. ვფიქრობთ, ეს ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დარგის გაძლიერებას, შემოსავლების გაზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას’’, – განაცხადა მიშელაძემ.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამის დაწყებას დადებითად აფასებენ ფერმერები და მევენახეები. მათი თქმით, კოოპერატივების შექმნა და მათი ტექნიკური დახმარება ხელს შეუწყობს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დასაქმებას.

,,მევენახეები ყოველთვის დაჩაგრულები ვიყავით და ამ საგრანტო პროგრამის დაწყება დროულია. ამით მევენახებს ეძლევათ საშუალება გაერთიანდნენ და გაზარდონ შემოსავლები. მნიშვნელოვანია ის, რომ კოოპერატივებს, რომლებიც დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილებას შეძლებენ, სახელმწიფო ჩუქნის ქარხანას და დანადგარებს, ეს მცირე ბიზნესს გააძლიერებს,’’–განუცხადა Knews.ge-ს კოოპერატივ ,,ბექების“ თავმჯდომარე ზაზა ჩიკვაიძემ.