ახალი ამბები

ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

გელა ჯუგაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება 16:00 საათზე დანიშნულ წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე გააკეთა. ჯუგაშვილი აცხადებს, რომ საკრებულოდან გასვლას არ აპირებს და დეპუტატის უფლება–მოვალეობის შესრულებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. 
„მე ადრეც ვაპირებდი თანამდებობის დატოვებას. ჩემი სურვილით გადავდექი. მე ვრჩები საკრებულოს წევრად, ვარ მმართველი პარტიის წევრი და საკრებულოში აქტიურად გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას“, – განუცხადა knews.ge–ს გელა ჯუგაშვილმა. 
ოპოზიცია გადადგომის შესახებ ჯუგაშვილის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს, თუმცა თანამდებობის დატოვების მიზეზს მმართველი პარტიის მაღალჩინოსნებისგან მიღებულ შიდაპარტიულ დირექტივას უკავშირებს. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გიორგი მაისურაძის ინფორმაციით, ჯუგაშვილი „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დაიბარეს და თანამდებობის დატოვება აიძულეს. 
„ჩემი ინფორმაციით, გელა ჯუგაშვილი იმყოფებოდა პარტიის ოფისში. მას მოსთხოვეს გადადგომა. კარგია, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ვერ ასრულებს თავის ფუნქციას. საკრებულო არ ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლების მონიტორინგს. რა თქმა უნდა ამ პროცესში მთავარი პასუხისმგებლობა საკრებულოს თავმჯდომარეს ეკისრება“, – განუცხადა knews.ge–ს გიორგი მაისურაძემ. 
გელა ჯუგაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ 2014 წლის 14 ივლისს აირჩიეს. გასულ წელს წარმომადგენლობითი ორაგნოს დეპუტატების ნაწილმა 3 მაისს და 5 დეკემბერს დააყენა ჯუგაშვილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, თუმცა მისი იმიჩმენტი ორჯერვე ჩავარდა. გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო 16 წევრის მხარდაჭერა. 
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად, საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, წარმომადგენლობით ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე უხელმძღვანელებს. 6 მარტს კი გაიმართება ახმეტის საკრებულოს დანიშნული მორიგი სხდომა, სადაც სავარაუდოდ ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი გადაწყდება.