ახალი ამბები

საია – თელავის „უსახელო ხევი“ მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის

როგორც knews.ge–ს არასამთავრობო ორგანიზაციაში განუცხადეს, ხევი გადავსებულია ნაგვითა და გრუნტით, რაც საცხოვრებელ სახლებში წყლის შევარდნის საშიშროებას ქმნის. საიას ცნობით, წლებია უკვე მოუვლელი ხევი ვეღარ ატარებს ნალექის შედეგად მოვარდნილ ნაკადს და დაგუბებული წყალი გადმოდის სოფლის მაცხოვრებელთა სახლებში, ტბორავს და აზიანებს მათ, ანადგურებს ნათესებს.
„ყოველი წვიმის და ნალექის მოსვლა დიდ საფრთხეს უქმნის იქ მაცხოვრებელთა არა მარტო საკუთრებას, არამედ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. წლების განმავლობაში სოფლის მოსახლეობა სისტემატურად მიმართავდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და პრობლემის მოგვარებას სთხოვდა, თუმცა ვერა და ვერ ხერხდებოდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან შესაბამისი რესურსის გამოძებნა. არხის ტერიტორიაზე წარმოიმქნა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისა და გრუნტის მთები, რომლებიც არხის წყლით გავსების და დატბორვის საშიშროების გარდა, აუტანელ ანტისანიტარიულ პირობებს ქმნიდა სოფლის ტერიტორიაზე“,- განაცხადეს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“.
თელავის მერიაში კი აცხადებენ, რომ ამჟამად მიმდინარეობს უსახელო ხევის რეაბილიტაცია, რომელიც 2017 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 მილიონი ლარია.