ახალი ამბები

კახეთში წარმოებული კასრის ვისკი JIMSHER მარტიდან ქსელში ჩაეშვება

„ჯიმშერის” დამფუძნებლის, ბიზნესმენ ჯიმშერ ჩხაიძის ინფორმაციით, ვისკი ჰიპერმარკეტში გაიყიდება და ანალოგიურ უცხოურ პროდუქციაზე 5%-ით იაფი იქნება.

მისი განცხადებით, ქართული ვისკი ტრადიციული ვისკის ტექნოლოგიებით და ქართული მარცვლეულისგან არის დამზადებული. “საუკეთესო შოტლანდიური ტრადიციების მიხედვით, დამზადებული ვისკის განმეორებითი დავარგება მიმდინარეობს წინანდლის, საფერავისა და ქართული ბრენდის მუხის კასრებში. შედეგად მივიღებთ 3 სახეობის ვისკს, რომლებიც ვისკის შესახებ სრულიად ახალ ისტორიას ქართული აქცენტებით გვიყვება. ეს აქცენტები იმდენად უნიკალურია, რომ ვფიქრობ, სრულიად ჩრდილავს მის ფუნდამენტს და წინა პლანზე გადმოდის. ვისკი JIMSHER ქართულ ბაზარზე 6 მარტიდან გამოვა და მას სხვადასხვა ჰიპერმარკეტში შევიტანთ, თუმცა კონკრეტულად სად შევა, ამ თემაზე ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩვენ კონკურენციას სხვებს ხარისხიანი პროდუქციით და გემოვნური თვისებებით გავუწევთ, თუმცა ის კომპანიები, რომლებიც ვისკის იმპორტს ახორციელებენ, ჩვენი კონკურენტები არიან”, – განაცხადა ჯიმშერ ჩხაიძემ.

კომპანია სამომავლოდ ვისკის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.

„JIMSHER-ის ექსპორტზე გატანას აუცილებლად ვაპირებთ და ამჟამად მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნებთან მიმდინარეობს. თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით ექსპორტზე როდის გავალთ, რადგან ამას თავისი პროცედურები აქვს“, – აღნიშნა ჩხაიძემ.