სტატიები

მსახიობმა როლანდ ოქროპირიძემ სოფელ ზიარში სატბორე მეურნეობა შექმნა

იგი ,,ზიარის ტბაში“ ამრავლებს 7–მდე სხვადასხვა სახეობის თევზს, რომელსაც სეზონურად ადგილობრივ ბაზარზე ყიდის და რესტორნებში აბარებს. მეწარმე აღნიშნულ მომსახურებას ამ ეტაპზე სპორტსმენ –მეთევზეებს სთავაზობს. მსახიობი სოფელში აგროტურიზმის განვითარებაზეც მუშაობს. 

„ზიარის ტბა“ გურჯაანის რაიონის უძველეს სოფელ ზიარში ზღვის დონიდან 750 მეტრზე, გომბორის მთების ბუნებრივ ტყეში მდებარეობს. ტბის მაქსიმალური სიღრმე 3,5 მეტრია და იგი 3 ჰექტარს მოიცავს. როლანდ ოქროპირიძეს ამბობს, რომ „ზიარის ტბა“ იკვებება მთის სუფთა და ლაკბის მდინარის წყლით, რაც ტბის ბინადარ თევზებს განსაკუთრებულ გემოს აძლევს. 

,,უკვე მეოთხე წელია მაქვს სატბორე მეურნეობა, მყავს 7 სახეობის თევზი: ხრამული, სქელშუბლა, ამური, ჭანარი, ლოქო, კარჩხანა და კობრი (ჩვეულებრივი, სარკისებრი). ტბიდან ამოყვანილ თევზს ვყიდით, წინა წელს ბაზრებში შემქონდა, ახლა რესტორნებში ვაბარებ. გარდა ამისა, მაქვს მოსასმელი ბადეები და ზაფხულში, მაშინ როდესაც თევზი ყველაზე ძვირია ბაზრებში, ვცდილობ შევიტანო ჩემი თევზი. სხვა მეურნეობებისგან განსხვავებით, ჩემი სატბორე მეურნეობა ისეა მოწყობილი, რომ ადვილია ზაფხულში თევზის დაჭერა. ტბაზე თევზაობა დაშვებულია მხოლოდ სამოყვარულო თევზჭერის საერთაშორისო სტანდარტების და სპორული თევზაობის წესების დაცვით. თევზაობის ღირებულებაა 20 ლარი, ე.წ ,,გაშოლტვით“ თევზაობა კი – 10 ლარი. ადგილზე შესაძლებელია მხოლოდ იმ კობრის შეძენა, რომლის წონაც არ აღემატება 2 კილოგრამს, 1კილოგრამის ღირებულებაა 10 ლარი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტბაზე დაშვებულია სპორტული თევზაობა პრინციპით „დაიჭირე-გაუშვი“, ადგილზე ცეცხლის დანთებაც არის შესაძლებელი, ამისთვის სპეციალური ადგილებია გამოყოფილი. ჩვენ, ასევე, გვაქვს პარკინგისთვის ადგილები, სადაც ავტომანაქანის გაჩერებაა შესაძლებელი”, – განუცხადა knews.ge-ს როლანდ ოქროპირიძემ. 

გასულ წელს მსახიობი სახელმწიფო პროგრამაში ,,აწარმოე საქართველოში“ ჩაერთო . მან შეღავათიანი აგროკრედიტი 20 000 ლარის ოდენობით აიღო, რომელიც არსებული ინფრასტრუქტურის და მომსახურების გაუმჯობესებას მოახმარა. როლანდ ოქროპირიძე სოფელში აგროტურიზმის განვითარებასაც გეგმავს და სამომავლოდ ტბაზე სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობას აპირებს.

,,სურვილი მაქვს აგროტურიზმის კუთხითაც გავაქტიურდე და ქართველი ტურისტების გარდა, უცხოელ ტურისტებსაც შევთავაზო ჩვენი მომსახურება. სამომავლოდ ვგეგმავთ ჩვენი მომსახურება შევთავაზოთ იმ ტურისტებს, რომლებსაც ბუნებაში დასვენება სურთ. მყავს ცხენებიც და საცხენოსნო ტურების გაკეთებასაც ვგეგმავ. სამომავლოდ, ასევე, ვგეგმავ ტბაზე ღია კაფეს მოწყობას, სადაც მოსული ტურისტები დააგემოვნებენ ტრადიციულ კერძებს და ჩვენ მიერ წარმოებულ პროდუქციას’’, – აცხადებს ოქროპირიძე. 

სატბორე მეურნეობის გარდა, მსახიობი, ასევე, მევენახეობასაც მისდევს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში ფერმერი საოჯახო ძველ მარანსა და ვენახს ფლობს. ოქროპირიძემ ღვინო ქვევრებში უკვე დააყენა და გაზაფხულზე საკუთარი ბრენდის ღვინის ჩამოსხმასა და რეალიზებას გეგმავს.

,,სოფელ ჭანდარში მამა–პაპეული ძველი მარანი, ქვევრები და ვენახი მაქვს. ვენახში უძველესი ქართული ჯიშის ვაზი ,,ხიხვი“ ჩავყარე და მოსავალიც მივიღე. ქვევრებში მაქვს უკვე დაყენებული ღვინო და საგაზაფხულოდ ვაპირებ დავიწყო ღვინის და ჭაჭის წარმოება. ჩემს ვენახთან ახლოს ვიყიდე კიდევ ორი სასოფლო–სამეურნეო მიწა და იქაც ვაპირებ გავაშენო რომელიმე ძველი ქართული ჯიშის ვაზი. ამ ზაფხულს ვგეგმავ პირველად ჩამოვასხა ჩემი ბრენდის ღვინო და გავყიდო’’, – აღნიშნავს როლანდ ოქროპირიძე.