ახალი ამბები

იორმუღანლოს მოსახლეობა მასობრივ საპროტესტო აქციებს აანონსებს

სოფლელ იორმუღანლოს, დუზაგრამისა და ლამბალოს მოსახლეობის ნაწილმა, რომლებსაც ბანკებიდან იპოთეკური სესხი აქვთ აღებული, საპროტესტო აქცია გამართა.

,,ბანკებმა მეცხოველეობის განვითარების კუთხით სესხი შემოგვთავაზეს, ცოტა ხნის შემდეგ კი პროცენტი მოუმატეს. ცხვრის რეალიზაციამ იკლო, რასაც ვყიდით კიდევ დაბალი აქვს. კრედიტის დაფარვას ვეღარ ვახერხებთ”, – განუცხადა Knews.ge-ს თარნიევ აბდულაევმა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბანკებმა რამდენიმე იპოთეკარს საცხოვრებელი სახლი უკვე გაუყიდა, სახლების ნაწილი კი აუქციონზეა გატანილი. თუ მთავრობა აქციის მონაწილეების თხოვნას არ გაითვალისწინებს, კანცელარიასთან მასობრივი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

იორმუღანლოს თემში მცხოვრები მოსახლეობა გასხვისებული საძოვრების დაბრუნებასა და ცხვრის რეალიზაციის პრობლემის მოგვარებას წლებია ითხოვს. როგირც ადგილობრივებმა knews.ge-ს განუცხადეს, იმის გამო, რომ მათ საკუთრებაში არსებული საძოვრები ირანელებზე გაიყიდა, სოფელში პრობლემები მომრავლდა, რადგან სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი მესაქონლეობით ირჩენს თავს.

მათი მტკიცებით, პირუტყვი გამოსაკვებად მიჰყავთ სხვა სოფლის საძოვრებზე, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.

,,ჩვენ მომთაბარე ხალხი ვართ, სახლშიც ვართ და საძოვარზეც. საძოვრების პრობლემა გვაქვს, რადგან რამდენიმე წლის წინ გაიყიდა. საქონელი სხვა სოფლებში მიგვყვავს საბალახოთ, რაც დიდ ხარჯებს უკავშირდება. არც საძოვრების პრობლემას გვიგვარებენ და არც ცხვრის გაყიდვის პირობები არ გვაქვს, საიდან გადავიხადოთ ამდენი ვალები და როგორ ვარჩინოთ ოჯახები”,–განუცხადა Knews.ge-ს აიდინ ისაევმა.