სტატიები

კონგოს ახმეტელი ტყვე – სოსო ოსორაულის გასათავისუფლებლად 1 მილიონ დოლარს ითხოვენ

ოსორაულის გათავისუფლების სანაცვლოდ მეამბოხეები 1 მილიონ დოლარს ითხოვენ. მეამბოხეების მიერ სოსო ოსურაულის დატყვევების შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ და განმარტავენ, რომ ის არის ყოფილი სამხედრო, რომელიც კონგოში დამოუკიდებლად იმყოფებოდა. მოლაპარაკებებში საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე ჩაერთო. 
კონგოს სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში, სხვა საფრენ აპარატებთან ერთად, ექვსი დამრტყმელი Ми-24 და ოთხი Су-25 მოიერიშე შედიოდა. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში, 27 იანვარს ორმა Ми-24 ტიპის დამრტყმელმა შვეულმფრენმა ავარია განიცადა. არსებული ინფორმაციით, ერთ–ერთ შვეულმფრენს სოსო ოსორაული მართავდა. 
შვეულმფრენის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასაში ბაზირებულმა რადიომ „ოკაპი“ 28 იანვარს გაავრცელა. რადიო „ოკაპი“ თავდაპირველად იუწყებოდა, რომ თითქოს ჩამოგდებულ ეკიპაჟებს რუსები მართავდნენ, თუმცა მალევე დაზუსტდა, რომ შვეულმფრენებისშემადგენლობაში ბელორუსები და ქართველები იყვნენ. „ოკაპის“ ცნობით, 27 იანვრის საღამოს ორმა საძიებო შვეულმფრენმა, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაეროს მანდატით მოქმედ სამხრეთ¬აფრიკულმა სამშვიდობო ძალებმა (MONUSCO) ავარიის ადგილიდან გაიყვანეს ის ხუთი დაზარალებული, რომლებიც “ბელორუსულ” შვეულმფრენში ისხდნენ. არსებული ინფორმაციით, დაზარალებულ სამხედროებს შორის ერთ–ერთი გვარად პლუჟნიკოვი საქართველოს მოქალაქეა. სოფელ ზემო ალვანში მცხოვრები მფრინავი სოსო ოსორაული კი ოპოზიციურმა დაჯგუფებამ ტყვედ აიყვანა.
სოფელში ამბობენ ამბობენ, რომ კონგოში ქართველი მფრინავი ორი წლის წინ წავიდა. როგორც knews.ge–ს სოფელ ქვემო ალვანში გამგებლის წარმომადგენელმა გიორგი გოგოთიძემ განუცხადა, ქართველი მფრინავის დატყვევების შესახებ დაახლოებით სამი კვირის წინ სოსო ოსორაულის ოჯახის წევრებისგან შეიტყო. მისივე ინფორმაციით, ოსორაულის გათავისუფლების სანაცვლოდ მეამბოხეები 1 მილონ დოლარს ითხოვენ. 
„სოსო ოსორაული რომ დაატყვევეს, ამის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით 3 კვირის წინ გავიგე. სოსოს ოჯახის წევრებს ვესაუბრე. როგორც ვიცით, თავიდან ოჯახი არ ახმაურებდა ამ ინფორმაციას. გავრცელებული ინფორმაციით, სოსოს გასათავისუფლებლად 1 მილიონ დოლარს ითხოვენ“, – განუცხადა knews.ge–ს გიორგი გოგოთიძემ. 
საგარეო საქმეთა სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ, ითხოვენ თუ არა მეამბოხეები ქართველი მფრინავის გათავისუფლების სანაცვლოდ 1 მილიონ დოლარს. მიხეილ ჯანელიძის უწყებაში ოსორაულის კონგოში ყოფნის ოფიციალური მიზეზის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. 
„1 მილიონი დოლარის შესახებ ვერაფერს ვერ გეტყვით. არ ვიცი რა პირობებზეა საუბარი. ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია მიმდინარე წლის იანვარში, რომ მეამბოხეების მიერ ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად შესაძლოა დაჭრილთა და დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივ კონტაქტზეა კონგოს მთავრობასთან, რათა სიტუაციაში დეტალურად გავერკვიოთ და ამავე დროს საქართველოს მოქალაქის კანონიერი უფლებები დავიცვათ. კონგოს მხარე ოფიციალურად ამ დრომდე არ ადასტურებდა საქართველოს მოქალაქის/მოქალაქეების მონაწილეობას ხსენებულ ინციდენტში. ასევე, არც ოჯახის წევრებს მოუმართავთ ჩვენთვის. ამჟამად უწყებას მუდმივი კონტაქტი აქვს ოჯახის წევრებთან. კონგოს მხარის ინფორმაციით, ხსენებულ საკითხზე გრძელდება გამოძიება კონგოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი სტრუქტურების მიერ. საქართველოს აღნიშნული მოქალაქეების კონგოში ყოფნის ოფიციალური მიზეზი უცნობია. როგორც ვიცით, ეს პიროვნებები არიან ყოფილი სამხედროები და დამოუკიდებლად იმყოფებოდნენ კონგოში“, – განუცხადა knews.ge–ს საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა მარიამ ნარჩემაშვილმა. 

ფოტო: კვირის პალიტრა