სტატიები

კახეთში საქონლის ხორცის დეფიციტია – პროდუქცია დაახლოებით 4 ლარით გაძვირდა

სასაკლაოებში პროდუქციის გაძვირებას ხორცის დეფიციტს უკავშირებენ. მოვაჭრეები კი საქონლის ხორცის გაძვირების მიზეზად, აღნიშნული ფაქტორის გარდა, ლარის დევალვაციას ასახელებენ. 
თელავში მცხოვრები ნელი კარბელაშვილი 1კგ. საქონლის ხორცში 18 ლარს იხდის. კარბელაშვილი ამბობს, რომ ერთი თვის წინ ხორცს 14 ლარად ყიდულობდა. 
„საქონლის ხორცი ოთხი ლარით გაძვირდა. ერთი თვეა, რაც 1 კილოგრამში 18 ლარს ვიხდი. ფასმა საუკეთესო ხორცზე მოიმატა. ძვლიან ხორცს 14 კარადაც იყიდი, მაგრამ ისიც გაძვირდა“, – განუცხადა knews.ge–ს ნელი კარბელაშვილმა. 
საქონლის ხორცის გაძვირებაზე საუბრობენ სასაკლაოებშიც. საგარეჯოს რაიონში მდებარე სასაკლაო “მატადორის” დამფუძნებელი იოსებ კოხტაშვილი პროდუქციის გაძვირებას რეგიონში მსხვილფეხა საქონლის დეფიციტს უკავშირებს. კოხტაშვილი აღნიშნავს, რომ დაახლოებით ერთი თვეა ქართველი ფერმერებისგან მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს თურქები მასობრივად ყიდულობენ. 
„როგორც ვიცი, ბოლო დროს თურქები შემოდიან, სოფლებში კარდაკარ დადიან და გლეხებისგან ცოცხალ საქონელს ყიდულობენ. შეიძლება გლეხი არც აპირებდეს გაყიდვას, მაგრამ ძვირს იხდიან. გლეხიც მაღალი ფასის გამო ცოცხალ საქონელს ყიდის. თურქების გარდა, არაბებიც დადიან სოფლებში და გლეხებისგან ყიდულობენ ცოცხალ პირუტყვს. ბაზარზე საქონლის ხორცის დეფიციტია. საქონლის ხორცის დაახლოებით 4–5 ლარით გაძვირდა. სუპერმარკეტებში ხორცის ფასმა უფრო მეტადაც კი მოიმატა“, – განუცხადა knews.ge–ს იოსებ კოხტაშვილმა.
თელავის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები პროდუქციის დეფიციტის ფარდა, ხორცის გაძვირების მიზეზად ლარის დევალვაციას ასახელებენ. მოვაჭრე ოთარ ასფალაშვილი შიშობს, რომ ხორცის გაძვირება მომხმარებლების საგძნობლად შემცირებას გამოიწვევს. 
„ლარის გაუფასურებამ ხარჯიც მოიმატა. ხორცის ტრანსპორტირება ძვირი ჯდება. აქამდე ძლივს ვინარჩუნებდით ფასს, ეხლა კი სხვა გზა არ გვაქვს. მეშიანია, რომ გაძვირების შემდეგ კლიენტი აღარ გვეყოლება. ხალხი საქონლისა ხორცს ადრეც იშვიათად ყიდულობდა, ახლა კიდევ უფრო გაუჭირდებათ. გაძვირება არ გვინდოდა, მაგრამ სხვა გზა არ დაგვრჩა“, – განუცხადა knews.ge–ს ოთარ ასფალაშვილმა. 
 სურსათის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, საქართველოდან მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი აზერბაიჯანში, ეგვიპტეში, ერაყში, საუდის არაბეთსა და სირიაში ხორციელდება.