სტატიები

1. კახელი მეღვინე ნიუ–იორკში 7 სახეობის ღვინოს ქართული ტრადიციული ტექნოლოგიით ამზადებს

იგი წარმოებულ პროდუქციას ნიუ–იორკში ღვინოს მაღალი კლასის მაღაზიებში ყიდის. ერთი ბოთლი ღვინის ღირებულება 16$–დან 30$ მდე მერყეობს.
ხაზიურის ინფორმაციით, პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები არიან მათ მიერ შექმნილი east village wine club –ის წევრები, მათი მეგობრები და ნიუ–იორკში მდებარე დიდი კომპანიები, რომლებიც ღვინოს სპეციალური ეტიკეტით უკვეთავენ. 
,,2015 წელს ჩამოვედი ნიუ-იორკში სასწავლებლად, აქ გავიცანი ახალგაზრდა იტალიელი ბიჭი, მეთ ბალდასანო, რომელიც საკუთარ სახლში ქვევრის ღვინის დაყენებას ცდილობდა. სწორედ მისი გაცნობის შემდეგ დაიბადა ღვინის კლუბის შექმნის იდეაც. გადავწყვიტეთ, ღვინო ამერიკული ყურძნით და ქართული წესების მაქსიმალური დაცვით დაგვემზადებინა. მანჰეტენზე პირველი ბიო ყურძნის ჯიშები, მუსკატი და ტემპრანილო, კალიფორნიიდან ჩამოვიტანეთ. მართალია, შორს არ მდებარეობს ვენახები, მაგრამ ყურძნის ტრანსპორტირება მაინც ძვირი ჯდება. აქ სხვაგანაც აქვთ ვენახები, მაგრამ ეს ყურძენი კარგად ერგება ქართულ ტექნოლოგიას იმიტომ რომ მაღალშაქრიანია. ყურძნის დაწურვის შემდეგ, ჭაჭასთან კონტაქტით ქიმიკატებისა და საფუარების გარეშე ფერმენტაციას ვამზადებთ. დაწურულ ღვინოს ამერიკულ მუხის კასრებში ვაყენებთ და ბოთლებში ვასხამთ. ამ ყველაფერში მონაწილეობას კლუბის წევრები იღებენ, ისინი ეტიკეტსაც თავად აკრავენ. east village wine club-ში, სადაც ძირითადად ამერიკელები არიან გაწევრიანებულები, ამ ეტაპზე 70 რეგულარული წევრია, თუმცა გვყავს ქართველებიც,’’– განუცხადა Knews.ge-ს ერეკლე ხაზიურმა.
მეღვინე სამომავლოდ მანჰეტენზე ღვინის ბარის გახსნას გეგმავს. მან სახელი „კონკა“ უკვე დააპატენტა.
,,ბარი „კონკა“ ქართული ღვინოებისა და მისი დაყენების ტექნოლოგიების შემეცნებითი კერა გახდება. ღვინის კომპანია “ფაფრის მინდვრების” დახმარებით, მარტის ბოლოსთვის იგეგმება ამერიკაში ქართული ნატურალური ჩურჩხელის შემოტანაც, რომელიც ევროპულ სტანდარტებს დააკმაყოფილებს და ადგილზე სომხების მიერ ნაწარმოებ ჩურჩხელას დიდ კონკურენციას გაუწევს. ჩურჩხელაც „კონკას“ ბრენდის ქვეშ მანჰეტენზე, ბრუკლინში და ქვინსში გაიყიდება’’, – განაცხადა ხაზიურმა.
კახელი მეღვინე მის მიერ წარმოებული პროდუქტის რეალიზებას ნიუ-იორკის გარდა სხვა სხვა შტატებშიც გეგმავს.